პირველ არხზე დებატები დღეს ხუთ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გაიმართება
დღეს, 12 ოქტომბერს პირველ არხზე საპრეზიდენტო დებატებში, რომელიც არაკვალიფიციურ სუბიექტებს შორის გაიმართება, მონაწილეობას ხუთი კანდიდატი მიიღებს – გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ სალუაშვილი, ბესარიონ თედიაშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე და თეიმურაზ შაშიაშვილი. დაანონსებული იყო, რომ დღეს დებატები შვიდ კანდიდატს შორის გაიმართებოდა, თუმცა ზურაბ ჯაფარიძემ და ვლადიმერ ნონიკაშვილმა პირველ არხს აცნობეს, რომ მასში მონაწილეობას ვერ ახერხებენ.
ამასთან, ცნობილი იყო, რომ დებატებში მონაწილეობას ვერ ახერხებს სალომე ზურაბიშვილი, ხოლო გიორგი ანდრიაძემ უარი განაცხადა.
პირველ არხზე ამ სახის კიდევ ორი დებატები 19 და 26 ოქტომბერს გაიმართება – ამჯერად უკვე კვალიფიციურ კანდიდატებს შორის.
ამ დებატების გარდა, პირველი არხი კანდიდატებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთი დებატებში გამოეწვიათ და თანხმობის შემთხვევაში მათთვის საეთერო დრო დაეთმო.
პირველ არხზე უკვე გაიმართა სამი ასეთი დებატები. კიდევ ერთი ჩანიშნულია 24 ოქტომბერს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე მიიღებენ მონაწილოებას.