პირველ არხსა და Myvideo-ს შორის სამართლებრივი დავა შეწყდება. საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ტრანსლირების გამო დაწყებულ უთანხმოებაზე. ამასთან, მაუწყებელი მზად არის, Myvideo-სთან თანამშრომლობა გააგრძელოს. ამის შესახებ პირველი არხის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
„პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, ყოველთვის ასრულებს და მკაცრად იცავს ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს. ეს ეხება, როგორც მაუწყებლობის შესახებ კანონს, ასევე შიდა ორგანიზაციულ მედიასტანდარტებს. არხი ცდილობს, იყოს მაგალითი ლიცენზირებული კონტენტის შესყიდვის და წარმოების, გავრცელების, თარგმნა-გახმოვანების თუ საავტორო უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველი არხის გავრცელების სრულად უზრუნველყოფა არადისკრიმინაციული მიდგომით და პირველი არხის მაყურებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზაციის მიერ შესყიდული ყველა ექსკლუზიური პროდუქტი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების (ინფორმირება, შემეცნება, გართობა) დაკმაყოფილებას ემსახურება და მაღალი ხარისხით ქართულ ენაზე საუკეთესო საერთაშორისო კონტენტის დისტრიბუცია საკუთარ მიზნად მიგვაჩნია. ამ პროდუქტის გასავრცელებლად კი, პარტნიორად ნებისმიერ კომპანიას განვიხილავთ, რომელიც დაიცავს ამავე პროდუქტის გავრცელების წესებსა და რეგულაციებს. ამიტომ მზად ვართ, კვლავ გავაგრძელოთ თანამშრომლობა კომპანიასთან „აი თი დი სი“ (Myvideo) და მოლაპარაკების გზით შევძლებთ შეთანხმების მიღწევას“, – აცხადებს ბერძენიშვილი.
პირველმა არხმა უკვე მიიღო „აი თი დი სი“-ს დირექტორის, დავით მოსულიშვილის წერილი, სადაც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს და სამეურვეო საბჭოს წევრებს მიმართავს და უთანხმოების გამო წუხილს გამოთქვამს.
„გვინდა გაცნობოთ, რომ კომპანია სს „აი თი დი სი“ (Myvideo) და მისი მენეჯმენტი წუხილს გამოთქვამს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის შედეგად შექმნილი ვითარების და წარმოქმნილი უთანხმოების გამო. სამწუხაროდ, კომპანია სს „აი თი დი სი“-მ ვერ გამოიჩინა შესაბამისი მზაობა, ჩართულიყო მოლაპარაკებებში, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა აგვერიდებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნების და ინტერესების დარღვევა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე მის მაყურებელთა პატივისცემის ნიშნად, გვსურს, შემოგთავაზოთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების დაწყება არსებული უთანხმოების კონსტრუქციული გზებით მოგვარების და მომავალში მსგავსი პრეცედენტების პრევენციის მიზნით“, – წერია „აი თი დი სი“-ს წერილში.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი, Myvideo საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და პირადად ვასილ მაღლაფერიძეს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ „შესაძლოა მომხმარებლების ინტერესების დასაცავად ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივად ან მორალურად სრულად კორექტული ვერ ყოფილიყო, თუმცა ამ შეცდომის აღიარებაც ღირსების საკითხია და ჩვენ ჩვენს თავზე ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას“.
Myvideo ვითარების განმუხტვაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადებით როლზეც მიანიშნებს.