პირობით მსჯავრდებულები პრობაციის სააგენტოს სერვისების მიღებას იუსტიციის სახლში შეძლებენ
იუსტიციის სახლის ფილიალებში დღეიდან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. ინიციატივა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომელმაც ახალი სერვისების პრეზენტაცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა.
პრობაციის ოფიცრების იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს პრობაციონერებს საშუალებას მისცემს, მათთვის საჭირო სერვისისთვის მიმართონ იმავე ინფრასტრუქტურას, რასაც მიმართავს მოქალაქე, რომელსაც პასპორტის და დაბადების მოწმობის აღება სურს და პრობაციონერი არ არის. უწყების შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან სახელმწიფომ უნდა მისცეს შესაძლებლობა პრობაციონერს, გამოიყენოს მისთვის საჭირო სერვისები სხვა მოქალაქეებთან ერთად იმავე სივრცეში, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე რაც მათ სოციუმში დაბრუნების პროცესს გაუმარტივებს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრირების მიზანია საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზების აღმოფხვრა და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.
საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სერვისების ინტეგრირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება 2019 წლის ივლისში დაიწყო. პროცესი უკვე დასრულდა როგორც პროგრამული უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსის გადამზადების, ისე საჭირო პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყველა სერვისი საქართველოს იუსტიციის სახლის 23-ვე ფილიალში არის ხელმისაწვდომი. ბენეფიციარებისთვის დაქტილოსკოპიით (თითის ანაბეჭდის მეშვეობით) რეგისტრაციის გავლა პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი. ამისთვის უკვე მზად არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეები.
დაქტილოსკოპიის გარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს 10-ზე მეტი სერვისი ბენეფიციარებს, ჩვეულებისამებრ, ყველა იუსტიციის სახლში მიეწოდებათ. ესენია: მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა; მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაგრძელება; მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათით სარგებლობა; მსჯავრდებულის დროებით სარეგისტრაციო ნებართვის მიღება და სხვა.
ამ დრომდე პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები თბილისის ცენტრალურ ოფისსა და პრობაციის ბიუროებში გაიცემოდა და ამჟამადაც გაიცემა. საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ ბენეფიციარებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისების მიღება უკვე რამდენიმე საზოგადოებრივ ცენტრშიც შეუძლიათ. დღეისთვის პრობაციის ოფიცრები მოსახლეობას 15 საზოგადოებრივ ცენტრში ემსახურებიან – შუახევის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, ლენტეხის, ამბროლაურის, საჩხერის, ტყიბულის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ადიგენის, წნორის, დუშეთის, გლდანის ცენტრებში.