პირი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, ბანკის ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია, მასთან სამართალდამცველები მუშაობენ
პირი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
რაც შეეხება ერთ-ერთ მძევალს, ირაკლი კვარაცხელიას, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ჩაერთო, მალხაზ თორიას თქმით, ის წლების წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საჯარო სამსახურებში მუშაობდა.
„ჩემი ინფორმაციით, არის ზუგდიდის მაცხოვრებელი, ასევე წლების წინ იგი მუშაობდა საჯარო სამსახურებში. ბოლო პერიოდში იმყოფებოდა უცხოეთში. თავის დროზე, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მუშაობდა საჯარო სამსახურებში“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.