პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ
პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ

პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა.

„დღეს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

პანდემიის პერიოდში, კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალქე და ბიზნესი დაზარალდა. ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი და აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარლამენტს. მქონდა კომუნიკაცია ჩვენს გუნდთან, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოსთან, უმრავლესობასთან და აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დღეებში იქნება მიღებული და დამტკიცებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.