პირებს, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ, რეგისტრაციისთვის ვადა 15 ნოემბრამდე ექნებათ
პირებს, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ, რეგისტრაციისთვის ვადა 2018 წლის 15 ნოემბრამდე ექნებათ.
შესაბამისი ცვლილებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
დღეს მოქმედი კანონით, აღნიშნულ პირებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისთვის ვადა მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე ჰქონდათ.
ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირაკლი ბერაია, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ანრი ოხანაშვილი არიან.
ინიციატორები განმარტავენ, რომ საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისთვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა, რაც ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა, იუსტიციის სახლის რესურსი კი, ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
„საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, საჭიროება წარმოიშვა, ამ პირებს რეგისტრაციისთვის დამატებითი დრო მიეცეთ, რაც მათ შეუფერხებლად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონის გათვალისწინებით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.