პირებს, რომლებიც ბოლო დღეებში ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება 40-მდე ამბულატორიაში შეუძლიათ
პირებს, რომლებიც ბოლო დღეებში ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება 40-მდე ამბულატორიაში შეუძლიათ

მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დღეებში ბათუმში, საკონდიტრო ქსელ „დონას“ რომელიმე ფილიალში იმყოფებოდნენ, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მოქმედ 40-მდე ამბულატორიას, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ქვეყანაში 15 ივნისიდან გაფართოვდა და მისი ჩატარება საქართველოს მასშტაბით ამბულატორიულადაა შესაძლებელი. ამბულატორიებში ტესტის გაკეთება უფასოა ყველა სიმპტომიანი პირისთვის, ასევე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ და ამის შესახებ ამბულატორიას აცნობებენ.

ამბულატორიების ჩამონათვალის ნახვა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი – https://www.moh.gov.ge/…/ambulatoriuli-diagnostikis-ufaso-s…

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მათგან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით, არ არსებობს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ.

„გუშინ საღამოს გამოცხადდა, რომ ვინც ბოლო დღეებში იყო ამ კაფეში, მისულიყვნენ კარვებში და ჩაეტარებინათ ტესტირება, 600-მდე ტესტია აღებული და მათი პასუხები გვექნება დღეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.