საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გაითვალისწინოს.
მსჯავრდებულის შეწყალების პირობებსა და პროცედურას შეწყალების ახალი წესი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.
ახალი წესის თანახმად, შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იყოს შემდეგი გარემოებები: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით, მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება; ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება, მის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან; დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.
პრეზიდენტისთვის მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სამსახური უფლებამოსილია პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინოს იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე, რომელიც სასჯელს იხდის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით და სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად.
ამასთან, შეწყალების ახალ წესში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს შეწყალებისთვის არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე, რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით 20 წელი; რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისთვის და მოხდილი არა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი; რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს ვადის ორი მესამედი; რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არ აქვს თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მეოთხედი; ამასთან, პირის რომელიც იყო მსჯავრდებული წინათ და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არ აქვს მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იყო ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არ აქვს თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი.
ასევე, პრეზიდენტს შეწყალებისთვის არ უნდა წარედგინოს იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე, რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არ აქვს თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; ასევე, რომელიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი; ასევე მსჯავრდებულის, რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. ასევე პრეზიდენტს არ წარედგინება იმ მსჯავრდებულის შეწყალების საქმე, რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.
ამასთან, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ შეწყალების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთიანი აღრიცხვისა და შესაბამის მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, იქმნება საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს შეწყალების საქმის განსახილველად მომზადებისთვის ახალი წესით განსაზღვრული სრული ინფორმაცია შეწყალების მსურველი თითოეული მსჯავრდებულის შესახებ, აგრეთვე შეწყალების საკითხზე მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება. მსჯავრდებულის შეწყალების საქმის მასალების გაცნობის მიზნით, ელექტრონულ პროგრამასთან წვდომა აქვთ ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ ახალი წესის აღნიშნული პუნქტი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ამასთან პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, ასევე სხვა პირებს. აღნიშნულმა დაწესებულებებმა და პირებმა ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე პასუხი არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში უნდა გასცენ.
მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი, საჭიროების შემთხვევაში, გაივლის კონსულტაციას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ან დარგის სპეციალისტებთან.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და-ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.
მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება.
მსჯავრდებულის შეწყალებისას შეიძლება, გამოყენებულ იყოს უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება; შეფარდებული სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. სასჯელმოხდილ პირს შეწყალების აქტით შეიძლება, მოეხსნას ნასამართლობა.
შეწყალების საქმე პრეზიდენტს ხელახლა წარედგინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა შეწყალების ახალი თხოვნით პრეზიდენტს მიმართა მის მიერ შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულებას სასჯელის აღმასრულებელი ორგანო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით, იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომელთა პირადი საქმეები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილია 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, ახალი ბრძანებულების ამოქმედებამდე და, რომელთა მიმართაც 2020 წლის პირველ იანვრამდე არ გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შეწყალების თაობაზე, განიხილება ასეთი თხოვნის ხელახლა წარდგენისას, ახალი ბრძანებულებით დამტკიცებული წესით. შესაბამისად, მათ მიმართ არ მოქმედებს ახალი ბრძანებულებით განსაზღვრული შეწყალების საქმის ხელახლა წარდგენისთვის დადგენილი შეზღუდვა.