პირადი ექიმი - სააკაშვილი მორალურად კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე, უფერულობა, ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში საჭირო არაა, ჩემი რჩევაა, კონსილიუმი უფრო ადრე შედგეს
პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვლი მორალურად კარგად გრძნობს თავს, თუმცა სიარული უჭირს და სისუსტე აქვს.
მისივე თქმით, ამჟამად ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის.
„შეიძლება, დაჭირდეს კონსილიუმის ადრე დანიშვნა, ვიდრე სამშაბათს. ვნახოთ, დღევანდელი დღე როგორ იქნება. მორალურად ძალიან კარგად არის, მაგრამ უჭირს სიარული. ბოლო კვლევებს გავეცანი, წინასთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის. აქვს სისუსტე, უფერულობა. ვთქვათ, ადამიანს გრიპი გადახდა, დაახლოებით ასეა. ჰოსპიტალიზაცია ამ წუთში არ არის საჭირო, ვნახოთ. ძირითადად ვისაუბრეთ ჯანმრთელობაზე. მე ახლა წავალ სახლში, დავურეკავ ციხის მთავარ ექიმს. შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, რაკი ხვალ ვგეგმავ მონახულებას. ჩემი რჩევა და რეკომენდაცია არის, კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს. ექიმებმა უნდა თქვან, რა გავაკეთოთ შემდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა.