პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე ადვოკატი ვასილ მამულაშვილი გამოიკითხა
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე ადვოკატი ვასილ მამულაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურება მოითხოვეს, თუმცა ჯერ არ განადგურებულა.
მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ მასალებს შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს.
„გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას, შენახვას. ამ კუთხით გამოვიკითხეთ პირები, რომლებმაც მივიღეთ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულებები და პირველივე შესაძლებლობისთანავე, როდესაც გავიგეთ რომ ეს არის პირადი საიდუმლოების შემცვლელი მასალა, წარვადგინეთ განცხადება და მოვითხოვეთ დაუყოვნებლივ განადგურება. მოპოვება არის ერთ-ერთი მიმართულება, თუ რატომ იყო კომპიუტერში განთავსებული ეს მასალა, ასე საერთო მასალაში აღრეული. ჯერ განადგურება არ მომხდარა.
როდესაც ექსპერტიზამ გადმოაგზავნა მასალები, ესენი უნდა ყოფილიყო განცალკევებულად, რომლებიც არის არარელევანტური საქმესთან და მასალები, რომელიც არის პირადი ცხოვრების უნდა ყოფილიყო ცალკე, მით უმეტეს როდესაც ეს არარელევანტური მტკიცებულება არის და არ ეხება იმ ბრალდებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მასალები უნდა ჰქონოდა, ვინაიდან საექსპერტო დაწესებულებამ გამოუგზავნა, თუმცა გადმოწერის დროს როდესაც განთავსდა, შეიძლება ითქვას, არ იყო მტკიცებულების ფასეულობა და არ უნდა გადმოეცა ჩვენთვის. არ ვიცი შეცდომაა, გაუგებრობაა ამას გამოძიება დაადგენს“,- განაცხადა ადვოკატმა.
ამავე საქმეზე ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც გამოიკითხა.
პროკურატურის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 9 ივლისს ცალკე წარმოებად გამოიყო.