პიკე და ინიესტა ვალვერდეს „რომასთან“ მატჩში ტაქტიკის შეცვლას ითხოვდნენ
„ბარსელონას” ფეხბურთელები – ჟერარ პიკე და ანდრეს ინიესტა ცდილობდნენ, “რომას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩის მსვლელობა შეეცვალათ.
კატალონელთა მცველმა თამაშის დროს “ბარსას” მთავარ მწვრთნელთან, ერნესტო ვალვერდესთან მიირბინა და ტაქტიკისა და გუნდის განლაგების კორექტირება თხოვა, მაგრამ მწვრთნელმა ასეთი სიტყვებით მოიშორა: “აქ შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ”.
მატჩის შესვენებაზე, მოედანზე გასასვლელ გვირაბში ანდრეს ინიესტამ თანაგუნდელ სერხიო რობერტოს უთხრა: “წავაგებთ, თუ თამაშს ასე გავაგრძელებთ”. იმ მომენტში, ანგარიში 1:0 იყო, რომაელთა სასარგებლოდ.
ვალვერდეს ჯიუტობა “ბარსელონას” ნახევარფინალში გასვლად დაუჯდა. “რომამ” 3:0 მოიგო და ესპანური გუნდი ტურნირიდან გააგდო.