„პიემსიჯი“ საქართველოში სასტუმროების ფასების შესახებ კვლევას აქვეყნებს
კვლევითი ცენტრი „პიემსიჯი“ საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასების შესახებ კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა.
სამ ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა – მთიანეთის რეგიონში დაფიქსირდა (საშუალოზე 56%-ით მაღალი).
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 198 ლარი შეადგინა. იანვრის მსგავსად, საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 52%-ით მაღალი).
5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის თებერვლის თვეში 363 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 591 ლარი შეადგინა, კახეთში – 297 ლარი, აჭარაში – 207 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 358 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვლის თვეში 86 ლარი შეადგინა. თებერვალში ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ფასების ოთხ თვიან დინამიკას – 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით, სასტუმროების ფასების ყოველთვიური ზრდა მხოლოდ დეკემბერში დაფიქსირდა (9.3%). ამავდროულად, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ყველაზე მაღალი საშუალო ფასები, დანარჩენ სამ თვესთან შედარებით, ყველა ტიპის სასტუმროში სწორედ დეკემბერში დაფიქსირდა.
საქართველოს მასშტაბით, სასტუმროთა ფასები ყველაზე მეტად, წინა თვესთან შედარებით, იანვარში შემცირდა (6.4%-ით). თვეების მიხედვით, სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა იანვარში, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების – თებერვალში, ხოლო საოჯახო სასტუმროების – ნოემბერში.
მოცემული ოთხი თვის განმავლობაში სამი, ოთხი და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებთან შედარებით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები ნაკლებად იცვლებოდა.