პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო
პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო

უკრაინის საკასაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი პოროშენკოს განკარგულებას ასაჩივრებს, რომლითაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, სასამართლოში ხალხს არ უშვებენ.

ამასთან, მისი თქმით, სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რაც სააკაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემისთვის უჩვეულოა.

„საკუთარი ხალხის ასეთი შიში ამაზრზენი და სულელურია“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას უკანონოდ მიიჩნევს. მისი თქმით, უკრაინიდან მისი გამგზავრების დროს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით შეიცვალა მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა, რომელმაც დაჩქარებული წესით მიიღო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა გააყალბა.
სააკაშვილმა უკრაინის სასამართლო სისტემა გააკრიტიკა.
„ამ ხნის განმავლობაში მივხვდი, რამდენად უსამართლოა უკრაინის სასამართლო სისტემა. ის უბრალოდ არ არსებობს. ეს არის დანაშაულებრივი დაჯგუფების გაგრძელება და ყველა ადამიანი, რომელიც ამ სასამართლოს ხელში ხვდება, არის ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების მსხვერპლი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.

მან მხარდამჭერებს 4 თებერვალს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს.