პეტრო პოროშენკომ ევროსაბჭოში რუსეთზე მიღებულ რეზოლუციას კიევისთვის პირველი სერიოზული დიპლომატიური დარტყმა უწოდა
ევროსაბჭოში რუსეთზე მიღებულ რეზოლუციას პეტრო პოროშენკომ კიევისთვის „პირველი სერიოზული დიპლომატიური დარტყმა“ უწოდა. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის დაბრუნების მექანიზმის ამოქმედებას გულისხმობს, უკრაინისთვის უდიდესი გამოწვევაა.
„ჩვენ ადრე ასეთ დარტყმებს არ დავუშვებდით. მაგრამ ახლა დარტყმა განიცადა არა მარტო უკრაინამ, არამედ ფუნდამენტურმა ევროპულმა ღირებულებებმა, როდესაც ღირებულებებს და ფასს შორის, ფასი იქნა არჩეული“, – განაცხადა პოროშენკომ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთის დელეგაცია ივნისის სესიაზე მონაწილეობის მისაღებად იქნა მიწვეული. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა ასევე უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციებმა.