პეტრო პოროშენკომ და რექს ტილერსონმა დონბასში გაერო-ს სამშვიდობოების განთავსებაზე პოზიციები შეათანხმეს
უკრაინის პრეზიდენტმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს დონბასში დაბომბვების გახშირების გამო ვითარების გამწვავების საკითხი განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ და რექს ტილერსონმა დონბასში გაერო-ს სამშვიდობოების განთავსებაზე პოზიციები შეათანხმეს.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრის დროს ასევე განიხილეს რეფორმების პროცესი. პოროშენკომ ტილერსონს ანტიკორუფციული სასამართლოს შესაქმნელად პროცესის დაწყებაზე მიაწოდა ინფორმაცია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.