პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში პეტრო პოროშენკო ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს.

„თქვენო აღმატებულებავ, უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას.

საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს არამხოლოდ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, ღრმა პატივისცემა და ურთიერთგაგება, არამედ ორივე ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევები და საფრთხეები.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას. თავის მხრივ, გარწმუნებთ, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთობლივი ძალისხმევით და მთელი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაციით ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში დემოკრატიული განვითარების, ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდისა და ჩვენი ხალხების ევროპული მომავლის ინტერესებში.

გისურვებთ მხნეობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო ქართველ ხალხს – მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას“, – ნათქვამია პეტრო პოროშენკოს წერილში.