პეტრო პოროშენკო - სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, უნაკლოდ განხორციელდა
მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია უკრაინის კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, უნაკლოდ განხორციელდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 2018 წლის გეგმების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე შეკითხვა პოროშენკოს BBC-ის უკრაინული სამსახურის ბიუროს ჟურნალისტმა დაუსვა.
„მიხეილ სააკაშვილისთვის პასპორტი მე არ წამირთმევია, თუმცა მოქალაქეობა შეგნებულად მივანიჭე. მე, ისევე, როგორც უმრავლესობა, მოხიბლული ვიყავი პერსპექტივებით, რომლის მოტანაც ბატონ სააკაშვილს უკრაინაში შეეძლო. ამიტომ, ვეცადე, მისთვის ყველანაირი შესაძლებლობა შემექმნა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცა საშუალება მაღალ თანამდებობებზე დაენიშნა საკუთარი გუნდის წევრები: ოდესის პოლიციის უფროსად ლორთქიფანიძე, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელად ხატია დეკანოიძე, გენერალური პროკურორის მოადგილედ – დავით საყვარელიძე.
„არავის ჰქონდა ისეთი შესაძლებლობები, როგორც სააკაშვილს, რომ შედეგი ეჩვენებინა. თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ იყო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკო თქმით, როდესაც შეიტყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დარღვევით მიიღო, მას მოქალაქეობის ჩამორთმევის გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
„როდესაც მივიღე შესაბამისი დოკუმენტები მოქალაქეობის მინიჭების დროს დაშვებული დარღვევების შესახებ, მე ქცევის სხვა მოდელი არ მქონდა, კონსტიტუციის შესაბამისად, მისი მოქალაქეობის შეწყვეტის გარდა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მისი თქმით, არ მიაჩნია, რომ სააკაშვილი ახლა ბედნიერია, მაგრამ ეს, პოროშენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმეა.
„არ ვფიქრობ, რომ ის ახლა ბედნიერი ადამიანია. თუმცა ეს მისი პრობლემები და მისი საქმეა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.