ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინა ასპირანტ ქვეყნად ოფიციალურად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ქვეყნის მიზანი ახლა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაა.
„მივესალმები მნიშვნელოვან და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხანი ველოდებოდით. ნატომ დააფასა უკრაინის ამბიციები ალიანში გაწევრიანების გზაზე”, – წერს პოროშენკო სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ თემაზე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტ- მაიკ პენსთან ჰქონდა საუბრები.
„მშვიდ დიპლომატიას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით ჩვენი პრინციპული პოზიციების წინ წამოწევას ხელშესახები შედეგი მოაქვს”, – აცხადებს პოროშენკო.
ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით, ალიანსის ასპირანტ ქვეყნებს შორის არიან ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია და უკრაინა.