პეტრე მამრაძე - პრეზიდენტობისას მიხეილ სააკაშვილი კანცელარიაში როცა მუშაობდა, თემურ ალასანიას ამავე შენობაში კაბინეტი გაუხსნა, ალასანიას საშვიც არ სჭირდებოდა
პრეზიდენტობისას მიხეილ სააკაშვილი კანცელარიაში როცა მუშაობდა, თემურ ალასანიას ამავე შენობაში კაბინეტი გაუხსნა, ალასანიას საშვიც არ სჭირდებოდა, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
პეტრე მამრაძემ ვრცლად ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას შესახებ.
„თემურ ალასანია თვითონ ამბობს, რომ 1974 წლის მაისიდან ვაშინგტონში ცხოვრობდა. ეს არის ბრეჟნევის დრო. ის მუშაობდა სსრკ-ის საელჩოში, დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი (მგიმო). კურიოზია, მაგრამ კიევში ყოფნისას სააკაშვილმა აჩვენა კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი და თქვა, ხომ იცი, მე მგიმო-ში არ მიმიღებდნენ, ვინაიდან იქ მხოლოდ კგბ-სთან შეკრულებს ან ძალიან კორუმპირებული ოჯახებიდან იღებდნენო, ამიტომ მე კიევში ვსწავლობდიო. ამ დროს საკუთარი ბიძა მგიმო-ში სწავლობდა. ამის შემდეგ სსრკ-ის კვოტით თემურ ალასანია დაინიშნა გაერო-ში, სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში, თუ არ ვცდები, მეორე კაცად. როცა ველაპარაკებოდი რუსეთის დელეგაციებს, ვეკითხებოდი, მათ რა იცოდნენ. ისინი მპასუხობდნენ, რომ სულ მცირე პოლკოვნიკი უნდა ყოფილიყო, რომ გაერო-ში ამ თანამდებობაზე დანიშნულიყო. რაც შეეხება მის საქმიანობას აქ, ის ინტერვიუებშიც ამბობს, რომ მის გარეშე სააკაშვილი არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს. თუ გახსოვთ, მიშამ მას კაბინეტი გაუხსნა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში. მაშინ ჯერ არ იყო აშენებული რეზიდენცია და სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი, იყო კანცელარიაში, შევარდნაძის ყოფილ კაბინეტში. ამან გამოიწვია ხმაური, მედია დაინტერესდა ამით. ალექსანდრე რონდელმაც თქვა საჯაროდ, რა გამოდის, ქვეყანაში შეიქმნა ახალი თანამდებობა, „პრეზიდენტის ბიძა“? სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რამდენად წამგებიანია ასეთი ბიოგრაფიის მქონე ფიგურა, მაგრამ მაინც ვერ ამბობდა უარს. 2011 წელს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩევლად დაინიშნა და პუბლიკაციების ნიაღვარი ისევ მოჰყვა ამას, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. უთხრეს და გააკეთა“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
პეტრე მამრაძემ გაიხსენა მთავრობის აპარატის უფროსად მუშაობის პერიოდი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ სახელმწიფო კანცელარიის შენობაში მუშაობდა. მამრაძის თქმით, თემურ ალასანიამ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან მიიყვანა თურქი ბიზნესმენები და აეროპორტის მშენებლობის საკითხზე კორუფციული გარიგება შესთავაზა, რასაც ჟვანიას აღშფოთება მოჰყვა.
„2004 წლის გვიანი შემოდგომა, დეკემბრის დასაწყისი იყო, მირეკავს აღელვებული პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, მასთან ავედი. მე ვიყავი მთავრობის აპარატის უფროსი. ჟვანია იჯდა აღელვებული, მობილურს ათამაშებდა ხელში – რაც გინდა, თქვით, მაგრამ რაც შეეხება კორუფციას, მიშა მაგარიაო. ვიკითხე, რაში იყო საქმე. მითხრა, თემურ ალასანიამ ვიღაც აფერისტები, თურქები თუ ამერიკიდან ჩამოსული თურქები მომიყვანაო.
თემურ ალასანიას საშვი არ სჭირდებოდა. მერე მოვიკითხე ის სტუმრები და საშვი მათზე დაშვებული არ იყო. პრეზიდენტის შესასვლელიდან, პრეზიდენტის დაცვის მეშვეობით შეიყვანა. ასე რომ, გვარებიც კი არ ვიცით.
ჟვანის თქმით, დასხდნენ, თბილისის აეროპორტზე გვინდა საუბარი, გვინდა ინვესტიცია, ავაშენებთო. დუღდა, ემოციური იყო ზურაბი – პირველად ცხოვრებაში გამიბედეს, თქვენი როგორც პრემიერ-მინისტრის წილი გათვალისწინებული იქნება პროექტშიო. შევწყვიტე საუბარი და კორექტულად ვუთხარი, ამის მერე ჩვენი საუბარი ვერ გაგრძელდება და გავაცილეო. ანუ, გააგდო. მერე დაურეკა მიშას, რომელმაც უთხრა, ამოდიო. ავირბინე და მაშინვე მობილურით დაურეკა ბიძამისს, უყვირა და უთხრა, ახლა სადაც ხარ, იმ აფერისტებთან ერთად, წადით აეროპორტში და დატოვეთ საქართველო, თორემ დაგიჭერთ ყველას, შენც და მათაცო – გახარებული იყო ჟვანია. მე ვუთხარი, შენს გასაგონად კი ილაპარაკა ასე, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავი-მეთქი“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ „იმედის“ ეთერში.