პეტრე ცისკარიშვილი - სანქციების ისტორიაში მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნები, გვინდა თუ არა, რომ საქართველომ იცხოვროს დასავლეთის მხრიდან სანქცირებული მთავრობის პირობებში
სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს: პირველი – სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ; და მეორე, კიდევ უფრო მწვავე – ეს არის ფინანსური სანქციები. ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, რათა საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ არამხოლოდ შეშფოთება გამოვთქვით საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ“.
„სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს: პირველი – სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ; და მეორე, კიდევ უფრო მწვავე – ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქონებრივ ყადაღას და მათი აქტივების დაყადაღებას, ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების. მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მთელი ამ სანქციების ისტორიაში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და ეს არის ოქტომბრის არჩევნები – ჩვენ გვინდა თუ არა, საქართველომ იცხოვროს ისეთი ხელისუფლების, ისეთი მთავრობის პირობებში, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, რომელიც სანქციების ქვეშ არის შეერთებული შტატების მხრიდან, გვინდა თუ არა, ასეთი მთავრობა გვყავდეს. ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, „ქართული ოცნებისგან“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან და ძალიან მკაფიოდ აიღოს გეზი დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ და გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.