პეტრე ცისკარიშვილი - საინტერესოა, ოცეულიდან ეს ადამიანები ოპოზიციაში იქნებიან თუ რამდენიმე მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციას, რომელსაც ძირითადად ოპოზიცია დააკომპლექტებს?
„ოცნების“ მიზანი იყო, საპარლამენტო სია გაეკეთილშობინებინათ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოხდა პირიქით, რომ ჩვენს ცნობილ სპორტსმენებს, მათ რეპუტაციას და სახელებს მოსცხეს ჩირქი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, „საინტერესოა, ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციას, რომელსაც ძირითადად დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს?“
„ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ სახელები და გვარები, რადგან დანარჩენი ჩვენ ყველამ ვიცით. ესენი არიან „ოცნების“ სახეები. ამ სიის, სახელებისა და გვარების გასაკეთილშობილებლად დაამატეს რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი. საბოლოო ჯამში, ალბათ ყველაფერი მოხდა პირიქით, მათ რეპუტაციას, ამ ადამიანების სახელებს მოსცხეს ჩირქი და ვერ მიაღწიეს იმ მიზანს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობინებინათ. საბოლოო ჯამში, მთავარი შეკითხვა არის იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, იყვნენ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში თუ რამდენიმე, ჩემი ვარაუდით, 3-4 მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციურ მთავრობას?“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული გუშინ წარადგინა. პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.