პეტრე ცისკარიშვილი - საერთაშორისო ზეწოლით, ქვეყნის შიგნით ძალისხმევის გაერთიანებით, შევძლებთ სააკაშვილის გადარჩენას, ევროპარლამენტში კარგად ესმით დროის ფაქტორი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დიდი საერთაშორისო ზეწოლის, ასევე ქვეყნის შიგნით ძალისხმევის გაერთიანების შედეგად შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.
მისივე თქმით, საჭიროა სასწრაფო მოქმედება და როგორც ჩანს, ევროპარლამენტში ყველაზე კარგად ესმით დროის ფაქტორი.
„ისინი (ევროპარლამენტარები) ისედაც ღრმად არიან ინფორმირებული და საქმის კურსში იყვნენ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორ ექცევიან პოლიტპატიმრებს. როგორც აღმოჩნდა, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ქეისზე, მის ჯანმრთელობაზე ქვეყნის გარეთ უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე ქვეყმის შიგნით ზოგიერთები. სოციალურ ქსელებს ყველა ვადევნებთ თვალს და ზოგიერთ ადამიანს სიამოვნებს კიდეც ის, რაც ხდება მესამე პრეზიდენტის თავს. ასე რომ, ასეთი დიდი საერთაშორისო ძალისხმევის, ზეწოლის შედეგად, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით ყველა კეთილსინდისიერმა, კეთილგონიერმა ადამიანმა თუ გავაერთიანეთ ჩვენი ძალისხმევა, შევძლებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ამ ხელისუფლებას გაწირული, გადადებული ჰყავს და მათი ხელიდან მიშა სააკაშვილის გარდაცვალება, მოკვდინება არ არის გამორიცხული. ასე რომ, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ყველამ. როგორც ჩანს, ევროპარლამენტში ყველაზე კარგად ესმით დროის ფაქტორი და ეს საკითხი არის დასაჩქარებელი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტში დებატების შეფასებისას.