პეტრე ცისკარიშვილი - საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სჯობს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან დათმობები სჭირდება
საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სჯობს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან დათმობები სჭირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პატივს სცემს საერთაშორისო პარტნიორების აზრს, მაგრამ მათ საკუთარი პოზიცია აქვთ.
ცისკარიშვილის განცხადებით, ისინი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ სჯობს ოპოზიცია იყოს პარლამენტში, ვიდრე პარლამენტს გარეთ. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო პირველივე დღიდან მოყოლებული, ოღონდ იმას, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს, სჭირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული დათმობების გაკეთება. ამას ხელისუფლება არ აკეთებს. ისინი ჯიუტად დგანან თავის პოზიციაზე, ვითომ არც კი აღიარებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მათი მონიტორინგის კომიტეტის ჩათვლით, რომ ამ არჩევნებში გაყალბებულია რამდენიმე ათეული პროცენტი. ამ პირობებში „ქართულ ოცნებას“ ამის აღიარებაც კი არ უნდა და ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე, თან ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე წითელი ხაზები გაავლო. ამ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღების ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს ამომრჩეველზე, რომელსაც პირველსავე დღიდან მოვუწოდებთ და მათაც მხარი დაგვიჭირეს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა.
თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება ან „ქართული ოცნება“ არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას და შემხვედრ ნაბიჯებს არ გადმოდგამს, პარლამენტში შესვლა და მუშაობა გამორიცხულია. როგორ, შენ ამომრჩეველს უთხარი, არჩევნებზე არ წახვიდე, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო, ყველაფერი გაყალბებულია და შემდეგ რას პასუხობ ამ ხალხს? რომ „ოცნება“ შეგვპირდა, რომ ოდესღაც რაღაც ეფემერულ რეფორმას გაატარებს?! ისიც კი ვიცით, რომ რეფორმის გატარების პროცესში შეეცდება, მაქსიმალურად ჩაიტოვოს ის ხვრელები, რითაც შემდგომ არჩევნებში შეძლებს გაყალბებას.
ასე რომ, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში საკუთარ ამომრჩეველთან და ვმოქმედებთ საქართველოს მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიურ ანგარიშში ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.