პეტრე ცისკარიშვილი - რამდენიმე კვირაა, მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი პარტიის წარმომადგენლები
ჩვენი პარტია, ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, აგრეთვე ლევან ბეჟაშვილი და იურისტები, უკვე რამდენიმე კვირაა, ამ საკითხში აქტიურად არიან ჩართულები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ „მაგნიტსკის სიის“ ავტორის, ბილ ბრაუდერისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში აქტიურად არიან ჩართულნი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
„იყო ღია წერილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და მიშას ამ განცხადებას ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა ბილ ბრაუდერი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. სააკაშვილი მიმართავს მას – ნუ დაველოდებით ფატალურ შედეგს, ახლავე შევადგინოთ სიაო. ამ საკითხზე მუშაობა, რამდენიმე კვირაა, უკვე დაწყებულია. ჩვენ ძალიან კარგი იურისტები გვყავს ამ საქმეში ჩართული, ხატია დეკანოიძე და ლევან ბეჟაშვილი ხელმძღვანელობენ უკვე რამდენიმე კვირაა, ყველანი კოორდინაციაში ვართ, ვინაიდან მარტივი საქმე არ არის. ბილ ბრაუდერი წლობით მუშაობდა ამ სიის შედგენაზე, ჩვენ კი მხოლოდ კვირები გვაქვს ამისთვის, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ ეს შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ხოლო მაგნიტსკის შემთხვევაში ყველაფერს ბილ ბრაუდერი იწყებდა, რადგან მაგნიტსკი იყო მისი ადვოკატი, იურისტი, რომლის მსოფლიოსთვის გაცნობა მან მოახერხა თავისი აქტიური ჩართულობით. სიის შემადგენლობას დღეს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.