პეტრე ცისკარიშვილი - რა კანონებს მიიღებ, რა ღირებულებებით იცხოვრებ ქვეყანაში, ეს პირდაპირ აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაზე
თუ ვინმეს არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების ქართულ რეალობაში შემოტანა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, რადგან იციან, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, როდესაც მართლმსაჯულება იქნება არაპოლიტიკური კონტროლის ქვეშ, აღარც პოლიტპატიმრები ეყოლებათ და პირველივე არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„ცხადზე ცხადია ის, რომ დემოკრატიის თუ ვინმეს ეშინია, არ უნდა დემოკრატიული ღირებულებების, ფასეულობების ქართულ რეალობაში შემოტანა, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, რადგან იციან დემოკრატიულ, თავისუფალ საარჩევნო გარემოში, როდესაც მართლმსაჯულება იქნება არაპოლიტიკური კონტროლის ქვეშ, აღარც პოლიტპატიმრები ეყოლებათ და პირველივე არჩევნებზე ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდებიან! ამ შიშების გამო კი ისინი დემოკრატიული ფასეულობების პენეტრაციას, დემოკრატიული ინსტიტუციების სიმტკიცეს, განვითარებას და კონსოლიდირებას ქვეყანაში ყველანაირად ეწინააღმდეგებიან. ისინი ხელმძღვანელობენ პირდაპირ პუტინისტური სახელმძღვანელო წიგნებით, პუტინისტური მიდგომებით, კანონებით, პროპაგანდით, მართვით. ფიქრობენ, რომ თუ პუტინმა მოახერხა და ორ ათეულ წელზე მეტია, ინარჩუნებს ხელისუფლებას, ჩვენც იმავე გზას უნდა დავადგეთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი დინასტია უსასრულოდ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, მაგრამ თუ იქნება დემოკრატია, გახსნილობა, თავისუფალი არჩევნები, სამართალი და კანონის უზენაესობა, ასე ხომ ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას?! ეს პირდაპირ აისახება ჩვენს მომავალზე, ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილებზე, ახალგაზრდების პერსპექტივაზე, ამიტომ ეს ერთმანეთთან კავშირშია. ის თუ რა კანონებს მიიღებ, რა ღირებულებებით იცხოვრებ ქვეყანაში, პირდაპირ აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.