პეტრე ცისკარიშვილი - ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, პირიქით, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, მთავრობა ხალხს ძალით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებით უწყობს მიტინგს.
„არასანქცირებული კი არა, ეტყობა, ამათ დაავიწყდათ მათი ერთ-ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიდგომები, ქართულ ჯიგრულ პონტში ეს სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, რადგან აქ მოვიდა ათიათასობით ადამიანი, არ იყო გახმოვანება, ვერ ჩატარდა საპროტესტო მიტინგი, არ იყვნენ გამომსვლელები, არ ხდებოდა არაფერი, ამან გამოიწვია აგრესია. იმის მაგივრად, სცენა ეთხოვებინათ სულ რაღაც 2-3 საათით, პირიქით, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც ისინი აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას. ქართველ ხალხს თავისი მთავრობა უწყობს მიტინგს, აქციას, ხელოვნურად, ძალით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებით“, – განაცხადა პარლამენტთან აქციაზე მყოფმა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლას ითხოვდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, სადაც აღნიშნულია, რომ არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, 27 აპრილიდან 30 აპრილამდე „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა. მერიაში განმარტეს, რომ აქციის იმ მონაწილეთა შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული და მოუწოდეს მათ, თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან.