პეტრე ცისკარიშვილი - ნიკა მელია, თვეებია, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავს ესხმის, მას სძულს ყველაფერი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ გამოკვეთილ პოლიტიკურ ამოცანად დაისახა პარტიის მაქსიმალურად დაზიანება.
„მელია, უკვე თვეებია, ამ პარტიას, ამ პარტიის ლიდერებს, მის მომავალს, მის მოქმედებას – ყველაფერს თავს ესხმის, ლანძღავს, აკრიტიკებს ღია სივრცეში“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.
კითხვაზე, – „ნიკა მელიას ადგილს პარტიაში ვეღარ ხედავთ?“ – ცისკარიშვილი პასუხობს: „არა, რა თქმა უნდა, ამ ფონზე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ მას სძულს ყველაფერი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, არ ვიცი, როგორ უნდა დავინახო. გინახავთ, აკო მინაშვილი ან კობა ნაყოფია თავს ესხმოდეს და ლანძღავდეს „ნაციონალურ მოძრაობას?“ საჯარო სივრცეში კი არა, პირად სუბრებშიც კი არ აკეთებენ ამას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას არ აპირებენ და მიაჩნია, რომ მელია თავისი ქმედებებით თავად აყენებს თავს პარტიის მიღმა.
„რას ჰქვია, გავრიცხავთ პარტიიდან, აქ სკოლა-ინტერნატი კი არ გვაქვს. ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ამ რეჟიმის დამარცხების, იმ ევროპული იდეალების და ფასეულობების გარშემო ვართ გაერთიანებული, რისკენაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს თავს ესხმის, ლანძღავს, აკრიტიკებს, თვითონ აყენებს თავს ამ პარტიის მიღმა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.