პეტრე ცისკარიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ კანონი როცა ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს, აუცილებელია, საკომიტეტო დარბაზში დაფიქსირდეს ჩვენი პოზიცია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, თუმცა მონაწილეობას მიიღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვაში.
ამასთან, ცისკარიშვილის თქმით, აუცილებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პოზიცია დააფიქსირონ საკითხზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თავად პარტიის ფასეულობებთან და ამავდროულად აწუხებს საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს.
„უნდა იყო თანმიმდევრული შენს პრინციპებში, მიდგომებში და ფასეულობებში ღირებულებების თვალსაზრისით. ამაში ჩვენ ვართ მტკიცე, თანმიმდევრული, რადგან ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, არ ვთანამშრომლობთ ამ ხელისუფლებასთან, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია, რომ ითქვას სიტყვა, გაჟღერდეს პოზიცია, რაც აწუხებს არასამთავრობო სექტორს, ჩვენს პარტიას, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში ერთჯერადად მოხდეს კომუნიკაცია და თუნდაც სხდომაზე ჩვენი წარმომადგენელი სხვა ოპოზიციონერებთან ერთად გამოვიდეს, თავის სათქმელი თქვას. ეს არის ჩემი პოზიცია და ამაზე გვაქვს ფრაქციაში მსჯელობა, თორემ რაც შეეხება ბოიკოტს და სხდომებზე არდასწრებას იმ ცნობილი მიზეზების გამო, რის გამოც გამოვაცხადეთ ეს ბოიკოტი, ეს ძალაში თავისთავად რჩება“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთან, ცისკარიშვილს არ დაუკონკრეტებია, ერთჯერადი სახით, საკომიტეტო მოსმენებზე ჩაერთვება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რამდენჯერმე მოხდება კომუნიკაცია ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„კანონი, რომელიც შემოდის, დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს, პრინციპებს, რაზეც ჯერ კიდევ 22 წლის წინ ჩვენი პარტია შეიქმნა. პარლამენტის გარედან ხომ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, მედიის მეშვეობით, ტელევიზიებით, სოციალური ქსელით, შეხვედრებით, აქციებზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო, საკომიტეტო დარბაზში დაფიქსირდეს ჩვენი პოზიცია. ეს იქნება ერთ სხდომაზე შესვლა, საკომიტეტო მოსმენებზე თუ რამდენჯერმე კომუნიკაცია, სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით.
ბოიკოტი არის არათანამშრომლობა, მაგრამ როდესაც პოზიცია გინდა, დააფიქსირო ისეთ საკვანძო, კრიტიკულ საკითხზე, რომელიც შეეხება ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და რაზეც მთელი ქართული საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო, ჩვენი უცხოელი პარტნიორები თანხმდენიან, ამ სიტუაციაში დამატებითი კომფორტის შექმნა, რომ ლაღად და თავისუფლად „ოცნებამ“ და მისმა ფილიალმა ე.წ. ხალხის ძალამ ეს კანონპროექტი გაიტანოს, ფრაქციის ნაწილი თვლის, რომ ასე არ შეიძლება და აუცილებელია, ჩვენი ხმა ისმოდეს კონკრეტულ დარბაზებში. ერთჯერადი იქნება ეს თუ ორჯერადი, ამას დრო გვაჩვენებს. პარტია ბოიკოტის რეჟიმში რჩება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.