პეტრე ცისკარიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი, „ქართული ოცნება“ არც ერთ პოლიტიკურ ველზე მარტო არ უნდა დავტოვოთ
მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი იყოს, „ქართული ოცნება“ არც ერთ პოლიტიკურ ველზე მარტო არ უნდა დავტოვოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ხვალ ნიკა მელია გამოაცხადებს.
„პოლიტიკური საბჭოს სხდომა კვირას გვექნება. ჩემი მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი იყოს და მე ამას მხარს დავუჭერ. „ქართული ოცნება“ არც ერთ პოლიტიკურ ველზე მარტო არ უნდა დავტოვოთ. ხვალ უკვე ოფიციალურად გახდება ცნობილი. ამას ნიკა მელია გამოაცხადებს. ამიტომ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. ეს არც საქმიანი და არც კორექტული იქნებოდა. არიან კოლეგები, რომელთაც საპირისპირო მოსაზრება აქვთ და ვნახოთ, კენჭისყრის შედეგი რას გამოამჟღავნებს. მას შემდეგ რაც, ნიკა საპყრობილედან გამოვიდა, ჩვენ ამ საკითხის გარშემო პარტიაში დისკუსიები გვაქვს. ორივე მხარე ცდილობდა, საპირისპირო პოზიციების მქონე კოლეგები თავისკენ მიემხრო. ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან ძალიან ინტენსიური შეხვედრები, ინტერაქცია, კომუნიკაცია გვაქვს. ამ კომუნიკაციამაც აჩვენა, რომ უმრავლესობა, მათ შორის ჩვენი ამომრჩეველი იხრება იმისკენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასაპარლამენტო ოპოზიცია არ უნდა იყოს. იმედი მაქვს, პოლიტსაბჭოზე უმრავლესობა ჩემს პოზიციას გაიზიარებს. ხვალ ყველაფერი გასაგები გახდება“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.