პეტრე ცისკარიშვილი - მეორე ტურში მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში უნდა გავიმარჯვოთ, ამაზე მეტყველებს, რა ტიპის განცხადებებს აკეთებენ „ოცნების“ ლიდერები, როდესაც რეგიონებში მოგზაურობენ
მეორე ტურში მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში უნდა გავიმარჯვოთ და ამის ყველა წინაპირობა არსებობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაზე მეტყველებს ის განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ.
„ამაზე ისიც მეტყველებს, თუ რამდენად გავეშებული და აღვირახსნილი არიან ეს ადამიანები, როგორი ტიპის განცხადებებს აკეთებს „ოცნების“ ლიდერშიპი, როდესაც ისინი რეგიონებში მოგზაურობენ და ხალხს საქმეზე და მომავალზე ლაპარაკის ნაცვლად ესაუბრებიან, თუ რა ცუდია „ნაციონალური მოძრაობა” და მიშა სააკაშვილი როგორ არღვევს ციხის შინაგანაწესს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეიტინგებს, ველზე მუშაობას, საკმარისია ღარიბაშვილს, კობახიძეს და სხვებს მოუსმინო, რომ მიხვდე, თუ რამდენად მძიმედ აქვთ საქმე 30 ოქტომბრის წინა პერიოდში“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება ეწ. ჩრდილოვან კაბინეტს, ცისკარიშვილის განცხადებით, ყველა პარტიის ლიდერისგან შედგება, თუმცა მისივე თქმით, რამდენიმე აკლია.
„ვისურვებდი, ისინიც ყოფილიყვნენ, ვინც ადმინისტრაციის საქმეში, კოალიციაშია ყველა თავის პარტიის ლიდერია. ყველას თავისი ამომრჩეველი, მხარდამჭერი ჰყავს და ეს ენერგია, დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზულ რეზულტატებს მოგვცემს. მაგალითად, ქუთაისშიც იგივე ხდება. შესაძლოა, ჯერ პრეზენტაცია არ ყოფილა, მაგრამ ხატიას გარშემო დაირაზმა მთელი ოპოზიცია და ეს ადამიანები ბოცას წინააღმდეგ გამოდიან. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს ყველგან გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.