პეტრე ცისკარიშვილი - ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, პარტიას სახელიც კი გადავარქვით ამისთვის
ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად 100 დღეში და დაამარცხებს 12-წლიან ბნელ ეპოქას, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
„ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვუსმინეთ მათ ლიდერებს და საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე საუბრობდნენ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის რაღაც ობიექტზე, რომ დიდი ბიჭები ერთმანეთში დალაგდებიან, გადანაწილდებიან და ჩვენც რაღაც ადგილს ვიპოვით. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, გპირდებით, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო იქნება საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, რომელიც იჯდება მთავარ მაგიდასთან და რომელიც სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, სწორედ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.