პეტრე ცისკარიშვილი - ძალიან ადრეა საარჩევნო გაერთიანება-კოალიციებზე საუბარი, არც კონსულტაციები გვქონია, რომ ამის შესახებ უკვე მზა პასუხები მქონდეს
პეტრე ცისკარიშვილი - ძალიან ადრეა საარჩევნო გაერთიანება-კოალიციებზე საუბარი, არც კონსულტაციები გვქონია, რომ ამის შესახებ უკვე მზა პასუხები მქონდეს

ძალიან ადრეა საარჩევნო გაერთიანება-კოალიციებზე საუბარი, არც კონსულტაციები გვქონია, რომ უკვე მზა პასუხები მქონდეს ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციური პარტიების მოსალოდნელ გაერთიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„დღესაც გვქონდა ჩვენს კოლეგებთან ერთად ინტერაქციის, დისკუსიის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედება. იმავე ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობაც ამ საკითხში, რომ შემდეგი არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად ჩატარდეს და იყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო. არ იყოს წინა თვეებში სუს-ის, პროკურატურის მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლა, რომ ან დაგიჭერ, ან სამსახურიდან გაგათავისუფლებ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილის თქმით, ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით პარტიაში გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული.

„არა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, მაგრამ მინიმიზაცია რომ უნდა მოვახდინოთ იმ ზიანის, რაც შეიძლება, „ოცნებამ“ მოუტანოს შემდეგი თვეების განმავლობაში საქართველოს და საარჩევნო პროცესი ისევ ისეთი გაყალბებული და არასანდო არ იყოს, როგორიც წინა არჩევნებზე, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვართ ერთიანი და კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ვადამდელ არჩევნებს ოპოზიცია კი არა, მოითხოვს ქართველი ხალხი, ის პოლიტიკური ვითარება, წნევა და ინერცია, რომელიც აქედან გამომდინარე შეიქმნება“.

„ეს მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ძალიან ლოგიკური გაგრძელებაც იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ცხადიც იქნება, რატომაც ვერ მივიღებთ, რადგან ამ მთავრობამ, მიუხედავად ქართველი ხალხის მისწრაფებისა, პოლიტიკური ნებისა, არ განახორციელა ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელი იყო ამ სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.