პეტრე ცისკარიშვილი - ცხრა დათქმაში ერთ-ერთი მთავარია, არჩევნები იყოს კონკურენტული, ეს ნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციონერი არ უნდა იჯდეს ციხეში, სხვანაირად არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება
ცხრა დათქმაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული, ეს ნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციონერი არ უნდა იჯდეს ციხეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „გამარჯვების კოალიციის“ დასაქმების გეგმის წარდგენისას განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, სხვანაირად არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება.
„ჩვენი ძალისხმევით, მუშაობით, შეხვედრებით, უცხოეთში ვიზიტებით, ელჩებთან კომუნიკაციით – პარტნიორები გვყავს, ვისაც ამაზე ვესაუბრებით უკრაინაში – ისე ჩატარდეს არჩევნები, წარმოებდეს კამპანია, დაითვალოს ხმები, გამოცხადდეს ვიღაც წაგებულად, ვიღაც მეორე ადგილზე, მესამეზე, რომ მთავარი ოპოზიციონერი ამაში არ მონაწილეობდეს, ამის ლეგიტიმურად ცნობა, უბრალოდ, არ შეიძლება. იქამდე უნდა მივიყვანოთ საქმე, ისე მომწიფდეს საგარეო განწყობებიც, ჩვენი პარტნიორებისაც, საერთაშორისო ორგანიზაციებისაც, ქვეყნის შიგნითაც, თუნდაც „ოცნების“ ამომრჩეველი – მათ რა, არ აქვთ შეგნება, ნამუსი, სინდისი – დაინახონ, რომ კი ბატონო, ბიძინა მაგარია, მაგრამ მაგარია იმ პირობებში, როცა სხვებიც მონაწილეობენ. აბა, მთავარი ოპოზიციონერი იზოლირებული გყავს, ციხეში გყავს გამოკეტილი, მარტო თამაშობ მოედანზე, პირობითად მარტო, და იგებ – ეს უნდა დაანახოს თავის ამომრჩეველს? არაფერს ვამბობ დანარჩენ საზოგადოებაზე, ოპოზიციურად განწყობილ ხალხზე, ჩვენს ამომრჩეველზე და ასე შემდეგ.
ბრიუსელიდან რაც მივიღეთ ცხრა დათქმა, რის შემდეგ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მიშა სააკაშვილს ასე სახელით და გვარით ვერ ჩაწერდნენ, იქ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, თუ არ ვცდები, მესამე პუნქტი არის იმის შესახებ, რომ მოახლოებული არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. კონკურენტული გარემო ნიშნავს იმას, რომ არც სუს-ი უნდა დასდევდეს არავის, არ აშინებდეს და არც მთავარი ოპოზიციონერი იჯდეს ციხეში. ასე რომ, ამ გასაღების ჯიბიდან ამოღება მოუწევს იმ ერთ კაცს და გადაწყვეტილების მიღება. სხვანაირად, უბრალოდ, არ გამოვა, ეს არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.