პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ტაქტიკა სხვა პარტიებთან ერთად და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა წინ აღვუდგეთ „ხალხის ძალის“ კანონის განხილვას
ჩვენ ჩვენი ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ სხვა პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა წინ აღუდგნენ კანონის განხილვას.
„ამათ „ხალხის ძალა“ არ უნდა დავუძახოთ. ეს არის „ქოცებისა“ და ამ პერსონაჟების მიერ მოფიქრებული დასახელება, რაც ყველაფერია, გარდა ხალხის ძალისა. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს უნდა დასავლეთი, ევროპა, ცივილიზაცია, პროგრესი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არ უნდა, ციხეებში იყვნენ პოლიტპატიმრები და კლავდნენ მესამე პრეზიდენტს. ეს ხალხი, რომელიც ყველაფერია, ხალხის ძალის გარდა, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსი“ რომ არ იყო პატრიოტთა ალიანსი, მაგაში ხომ ყველა დავრწმუნდით? ასე იგონებენ დასახელებებს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
კითხვაზე, რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ცისკარიშვილის თქმით, ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.
„ორშაბათს გრძელდება საკომიტეტო განხილვა. მომავალი კვირის განმავლობაში უკვე ალბათ იქნება მოსმენებიც პლენარულ სხდომაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ზუსტად არაფერს გეტყვით, რადგან „ოცნება“ ცდილობს, ამ დღეებისთვის მოემზადოს. ისინი ერთგვარად თვლიან კიდეც, რომ გუშინწინ „საკმარისად მომზადებული“ არ იყვნენ და ჩვენებმა მაგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. შეფერხდა ამ კანონპროექტის განხილვა. თავისი ზონდერჯგუფებით, სუს-ით, სხვადასხვა რესურსით ეცდებიან, ალყაში მოაქციონ პარლამენტი, საკომიტეტო დარბაზი და ისევ ფარულად ჩაატარონ მოსმენა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ სხვა პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ კანონის განხილვას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.