პეტრე ცისკარიშვილი - ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, არ გავუშვებთ სახლებში ან ოპოზიციაში, თუ პოლიტიკაში დარჩენას მოინდომებენ
რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა ჯერ კიდევ კანცელარიასა და პარლამენტში ზის. ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტების გაწვევა ერთი გამარჯვებაა.
„12-პუნქტიანი გეგმა შემთხვევითი პუნქტები არ არის. მხოლოდ კანონებზე კი არ არის საუბარი, საუბარია პოლიტიკურ კლიმატზე, ქვეყნის შიგნით ატმოსფეროს ცვლილებაზე, რომ მეტად გამჭვირვალე, დემოკრატიული უნდა იყოს, მართლმსაჯულება არ უნდა იყოს ერთი პარტიის ჯიბეში, არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს, სამართლის და კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს, უნდა იყოს დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია. ამას კანონი კი არა, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება სჭირდება ძალაუფლებიდან. ეს არის ერთი გამარჯვება – ევროპული გზიდან არ გადაახვევინა ოპოზიციამ, ქართველმა ხალხმა ქუჩით, პარლამენტში ბრძოლით, პატარა და დიდი აქციებით. ახლა რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა ჯერ კიდევ კანცელარიასა და პარლამენტში ზის. ბრძოლა გრძელდება, ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ. გნებავთ, დავარქვათ, იწყება, გნებავთ, დავარქვათ, გრძელდება იქამდე, ვიდრე რუსულ მთავრობას, კრემლიდან მართულ ადმინისტრაციას არ გავუშვებთ სახლებში ან ოპოზიციაში, თუ ისინი მოინდომებენ პოლიტიკაში დარჩენას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.