პეტრე ცისკარიშვილი - აშშ-ის ქოლგის ქვეშ მყოფ ქვეყანას ექნება სანდოობა, რომ საქართველოში წარმოებული მიკროჩიპები, თუ ვიდეობარათები გავიდეს იმ ბაზრებზე, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის წრეს წარმოადგენს
ქვეყანას, რომელიც იქნება აშშ-ის ქოლგის ქვეშ, ექნება საკმარისი სანდოობა, რომ ნებისმიერი ნახევრადგამტარები, მიკროჩიპები თუ ვიდეობარათები, რომლებიც საქართველოში იქნება წარმოებული, ამ ტიპის პროდუქცია გავიდეს მხოლოდ იმ ბაზრებზე, რომლებიც წარმოადგენს ჩვენი დასავლური ცივილიზაციის და მეგობარი ქვეყნების წრეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ამ დღეებში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ, რათა აღადგინონ და გააუმჯობესონ დაზიანებული ურთიერთობები.
„„ერთიანობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ამ დღეებში სწორედ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ, რათა აღადგინონ და გააუმჯობესონ ის დაზიანებული ურთიერთობები, რაც, სამწუხაროდ, შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ შეერთებულ შტატებთან. „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას და უსაფრთხოების, სტაბილურობის ერთიანი ჩარჩოს შეერთებული შტატებიდან უზრუნველყოფას, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველო მიმზიდველი იქნება ინვესტიციებისთვის არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან, რადგან ჩვენ გვექნება ასეთი მჭიდრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში აბსოლუტურად რეალური და შესაძლებელია, რომ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მიმართულებით დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი იქნას მოზიდული ქართული ეკონომიკისთვის, რათა საქართველოში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები. იმ ქვეყანას, რომელიც იქნება აშშ-ის ქოლგის ქვეშ, ექნება საკმარისი სანდოობა, რომ ნებისმიერი ნახევრადგამტარები, მიკროჩიპები თუ ვიდეო ბარათები, რომლებიც საქართველოში იქნება წარმოებული, ამ ტიპის პროდუქცია გავიდეს მხოლოდ იმ ბაზრებზე, რომლებიც წარმოადგენს ჩვენი დასავლური ცივილიზაციის და მეგობარი ქვეყნების წრეს. ის არანაირად არ გავა ირანის, ჩრდილოეთ კორეის ან თუნდაც რუსეთის მიმართულებით.
ამის გარანტია უნდა ჰქონდეს შეერთებულ შტატებს და ჩვენს მეგობრებს, რათა საქართველო იყოს მიმზიდველი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციებისთვის ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის, თვითონ ამერიკის მხრიდანაც. ეს არის უმთავრესი პირობა, შეერთებული შტატებიდან და ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნებიდან შესაძლებელი იქნება დიდი ინვესტიციების მოზიდვა. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ადგილზე შესაცვლელია კანონმდებლობა, რათა კანონის უზენაესობა არსებობდეს, გადასახადების შეღავათიანი რეჟიმები იყოს კონკრეტული მიმართულებით, სასამართლო რეფორმა იყოს გატარებული, რათა დიდ რისკებს ვერ ხედავდეს ინვესტორი. ასე რომ, გარდა „მეგობარი აქტისა“, საქართველოშიც ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი, რათა ამ ტიპის დიდი, სერიოზული მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები მოვიზიდოთ, ხოლო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება და მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.