პეტრე ცისკარიშვილი - არჩევნებს თუ გააყალბებენ, მოხვდებათ ცხვირში, რამდენად თავხედურადაც გააყალბებენ, იმდენად მწარედ, იქნება გეგმაც და მოქმედებაც, მათ შორის ქუჩაც
დაველოდოთ მოვლენებს, არჩევნებს თუ გააყალბებენ, მოხვდებათ ცხვირში. რამდენად თავხედურადაც გააყალბებენ, იმდენად მწარედ მოხვდებათ ცხვირში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლება არჩევნებს ვერ „მოიპარავს“, რადგან ოპოზიცია იქნება გაცილებით უფრო ორგანიზებული.
„არავის არ შერჩენია არჩევნების მოპარვა. საზოგადოებისთვის არჩევანის წართმევა. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში შერჩათ, მაგალითად, როგორიც არის ბელარუსი, მაგრამ იქ პრაქტიკულად პოლიტიკური ორგანიზაციები, პარტიები არც კი არსებობდნენ, რუსეთი ჩამოიყვანა, პუტინი დაიხმარა და გადაირჩინა თავი ლუკაშენკომ. აქ ვერც პუტინს ჩამოიყვანენ და ვერც თავს გადაირჩენენ, რადგან გაცილებით უფრო ორგანიზებული ვიქნებით და არავის არ მოვაპარვინებთ იმ არჩევნებს, რომლის მიტაცებასაც ცდილობენ. მოქმედების გეგმას ნახავთ მას შემდეგ, რაც დადასტურდება არჩევნების მოპარვის მცდელობა. შემდეგ იქნება გეგმაც და მოქმედებაც. არაფერი გეგმა მაგას არ უნდა, პირდაპირ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. მათ შორის ქუჩაც, აბა, სახლებში ხომ არ დავსხდებით, ვუყურებთ და დაველოდებით, იქნებ და კალანდარიშვილი გასხივოსნდეს, აზრი შეიცვალოს და რეალური ციფრები დაწეროს. ვერ დაველოდებით, უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ვექტორი ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ შეაბრუნა, რასაც „რევოლუციურ შემობრუნება სჭირდება“.
„ჩვენ ვემზადებით რევოლუციისთვის ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, ჯანდაცვაში, განათლებაში და რევოლუციისთვის ვექტორის შემოსაბრუნებლად. მთავარია, ვექტორი ნელ-ნელა ჩრდილოეთისკენ შეაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ასე აწყობთ გეოპოლიტიკურად, ღირებულებებით, ფასეულობებით, სამეგობროთი. ხედავენ, რომ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნები ხელისუფლებას ინარჩუნებენ ათწლეულობით, შეიძლება, დინასტიებითაც კი გადასცენ ოჯახის წევრებს. ეს ძალიან მოსწონთ და ამ ღირებულებებს ცდილობენ, რომ შეაჩვიონ ქართველი ხალხი, რასაც ნამდვილად ვერ შეძლებენ. ამას სჭირდება რევოლუციური შემობრუნება და წასვლა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ, ევროკავშირისკენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ამით აშშ-ის საელჩო სიმართლეს ეუბნება ქართველ ამომრჩეველსაც და ამერიკელ ხალხსაც.
„ძალიან პრაგმატული გათვლა აქვთ და საქმიანად უყურებენ ყველაფერს ჩვენი ამერიკელი კოლეგები. მათთვის საქართველო არის მეგობარი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ეყრდნობოდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე და უვიზო მიმოსვლაზე აშშ-სა და საქართველოს შორის. „ქოციანობა“ რომ არ დამდგარიყო, გვჯერა, რომ უვიზო მიმოსვლა უკვე გვექნებოდა. ახლა ისინი უყურებენ რეალობას, რომ მეგობარი ფაქტობრივად ხელიდან ეცლებათ იმიტომ, რომ ხალხი არის მათ მხარეს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარეს, მაგრამ თავზე მოაჯდა მმართველი კლანი, ჯგუფი რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, რომელიც ქვეყანას მეორე მიმართულებით ექაჩება, ხოლო ამერიკას ლანძღავს, აგინებს და გლობალური ომის პარტიას უწოდებს და თავი არ დაიცვან? როგორც მინიმუმ სიტყვით ეუბნებიან სიმართლეს ამომრჩეველსაც, საკუთარ ხალხსაც ამერიკაში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.