პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ
პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი საპატრიარქოსთან მსვლელობით მივიდნენ. საპატრიარქოსთან იმყოფება მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ძმაც.

„მრევლი ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას, რამდენ ადამიანსაც დაუშვებენ, ჩვენ დისტანციით გვსურს მასთან შეხვედრა. მან თქვა, რომ მეუფე პეტრე არის უძღები შვილი და მელოდება, ამით შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და სახარება განმარტა არასწორად, რადგან უძღებმა შვილმა მამას მოსთხოვა მისი ქონების წილის აღება და დამოუკიდებელი ცხოვრება. მამამ გაუშვა, მის თავისუფალ ნებას არ გაუწია წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, თავი ვერ გაართვა დამოუკიდებელ ცხოვრებას უძღებმა შვილმა, ჩავარდა ცოდვებში, მაგრამ შემდეგ მოეგო გონს და დაბრუნდა მამასთან სინანულით. თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მე მივედი ე.წ. მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არ არის სულიერება, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას, თქვენ გყავთ პირადი პატიმარი, ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ, მამამ თავისი ჭკუით გამაგდო სახლიდან, რა თქმა უნდა, უკანონოდ. თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ, მოვიხადო ბოდიში და ვითხოვო შენდობა, მაგრამ მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავადაა უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს, რომელიც ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.