პეტრას აუსტრევიჩუსი - სააკაშვილს რამე თუ დაემართება, ბევრი კარი დაიხურება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ევროპული გზა ამ საკითხზე გადის, მაგრამ ამას უყურადღებოდ არ დავტოვებთ
დღევანდელი დებატები ევროპარლამენტში შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ამიტომ მოქნილები უნდა ვიყოთ და ვისაუბროთ ყველა ძირითად საკითხზე. ბევრი საკითხია და მათგან უმთავრესებზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, დებატებზე საუბარი შეეხება დეოლიგარქიზაციასაც და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაც.
„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა, არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია. საქართველოს ლიდერშიპმა ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს ევროპული გზა ამ საკითხზე გადის, პეტრას აუსტრევიჩუსი პასუხობს, რომ ამას სულაც არ ნიშნავს.
„სულაც არა, მაგრამ ეს ექსტრა საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.