პეტრას აუსტრევიჩიუსი - საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს
პეტრას აუსტრევიჩიუსი - საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს

ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გვაქვს საქართველოზე მომზადებული რეზოლუციების გამოცდილება, მაგრამ ეს რეზოლუცია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა განუცხადა.

„2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი ჩვენი ისტორიაა. ეს არის ოკუპაცია 21-ე საუკუნეში. 10 წლის წინ ყველას ეგონა, რომ ეს იყო რუსეთის აგრესიული ქმედების ერთი განცალკევებული შემთხვევა. არა, ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული ნაბიჯი. 2014 წელს დასავლეთმა მიიღო ყირიმის ანექსია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. ევროპამ ვერ გაიღვიძა 2008 წელს. ევროპამ გაიღვიძა 2014 წელს და დაიწყო გზების ძიება. საერთაშორისო თანამეგობრობამ დაიწყო სანქციებზე საუბარი, დააწესა შეზღუდვები და რუსეთს მიუთითა კანონდარღვევაზე. 2014 წელს რუსეთს ეწოდა აგრესიული სახელმწიფო“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

პეტრას აუსტრევიჩიუსის თქმით, ევროპარლამენტი ამ რეზოლუციით ამბობს, რომ ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების შელახვა, ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები მიუღებელია.

„რუსეთი ისევ არ ჩერდება. რუსეთის მანიპულირების შედეგად, სირიამ მიიღო გადაწყვეტილება და დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან. ეს ნაბიჯი კიდევ ერთი ნიშანია, რომ რუსეთი არ შეჩერდება, მოქმედებს, აგრესიული პოლიტიკის განსახორციელებლად გეგმა და სტრატეგია აქვს. ევროკავშირი უნდა იყოს ადგილზე ყველაზე აქტიური მოთამაშე. ევროკავშირი უნდა იყოს შუამავალი, დაგმოს, მოითხოვოს, მოუწოდოს აგრესორს და ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპაციის დასრულებას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეზოლუციაში ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის გვარების ჩაწერა.

„მე არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ოკუპაცია, მაგრამ მსგავსი რეზოლუციები არის გამაფრთხილებელი ნიშანი ევროპელი პოლიტიკოსებისთვისაც. ჩვენ ვამბობთ, რომ არის პრობლემა, სახეზეა ოკუპაცია, რომელიც უნდა დავასრულოთ. ომს, აგრესიას, კონფლიქტს აქვს გავლენა კონკრეტულ ადამიანებზე. კონკრეტული პირების, ტრაგიკული, შემაძრწუნებელი შემთხვევების, მსხვერპლის და გმირების ხსენების გარეშე ომი აბსტრაქტული მოვლენაა. ამიტომ იყო და არის მნიშვნელოვანი, რომ რეზოლუციას დაესახელებინა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის გვარები. ვიცი მძიმეა, მაგრამ რეალობაა დღესდღეობით მძიმე. მე მინდა და გავაკეთებ მაქსიმუმს იმისათვის, რომ სანქციები დაწესდეს და შავი სია გაფართოვდეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად ხდება დანაშაული. ჩემთვის მთავარია სწორი აქცენტის გაკეთება, ყველა მექანიზმის გამოყენება შედეგის მისაღწევად და დამნაშავეების დასასჯელად. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, დანაშაული ჩადენილია აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმში თუ საქართველოში. ორივე შემხთვევაში პასუხი უნდა იყოს სათანადო . ჩვენი რეაქცია პროპორციული უნდა იყოს. სანქციების გარეშე ვერ შევეწინააღმდეგებით რუსეთს, ვერ შევაჩერებთ აგრესორს“, – აღნიშნა აუსტრევიჩიუსმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუციას ცოტა ხნის წინ ეყარა კენჭი და ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.