პეტრას აუსტრევიჩიუსი - საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა მოახდინოს 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი
საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა მოახდინოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მოწამლული და პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არის ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა არ გაუღებს კარს პოლიტიკური რევანშიზმის არცერთ ფორმას.
„ჩემი გამოსვლა მინდა, დავიწყო ქართველი ხალხისადმი მილოცვით, რომელთაც აქტიური პოზიციით შეაჩერეს მთავრობის მცდელობა, მიეღოთ რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩვენს სოლიდარობას და დაფასებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ქართველი ხალხის ევროპული ნების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა მოახდინოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მოწამლული და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი.
ევროპა არ გაუღებს კარს პოლიტიკური რევანშიზმის არცერთ ფორმას. მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ევროკავშირის დროშები დღეს თბილისში იწვოდა. ეს არის სევდიანი დღე საქართველოს ყველა მეგობრისთვის ევროკავშირში. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ქართველი ხალხის ისტორიული სიბრძნე, რომელთაც ახსოვთ ტოტალიტარიზმის საშინელება, გაიმარჯვებს“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.