პეტრას ასტრევიჩუსი - გვაქვს ეჭვები, რამდენად არსებობდა სამართლებრივი საფუძველი ცნობილი ოპოზიციონერის დაკავებისთვის
მჯერა, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება კითხვები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას ასტრევიჩუსმა განაცხადა სტრასბურგში, სადაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
ევროპარლამენტარის თქმით, კითხვები შეეხება ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და სხვა საკითხებს, მათ შორის გიგი უგულავას საქმეზე.
მისი თქმით, ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველო კანონის უზენაესობით იხელმძღვანელებს, სასამართლოთი, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული.
„ასოცირების კომიტეტი ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ველოდებით თბილისიდან სტუმრების მიღებას, რომ ვკითხოთ ვალდებულებების შესახებ, როგორ ასრულებენ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. რა თქმა უნდა, განვიხილავთ საკითხთა ფართო სპექტრს, დაწყებული პოლიტიკიდან, ეკონომიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მჯერა, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება კითხვები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საარჩევნო კანონთან დაკავშირებით დიალოგზე და შესწორებებზე, რომლებიც დაპირებული იყო და არ შესრულდა მმართველი კოალიციის მიერ. ასევე ბოლო მოვლენაზე, გიგი უგულავას საქმეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ჩვენ გვაქვს ეჭვები სამართლის საფუძვლებზე, რამდენად არსებობდა სამართლებრივი საფუძველი ცნობილი ოპოზიციონერის დაკავებისთვის. ნებისმიერი ოპოზიციონერი გისოსებს მიღმა არის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო იხელმძღვანელებს კანონის უზენაესობით, სასამართლოთი, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, გარკვეული საქმეების ობიექტურობა ეჭვებს წარმოქმნის.
„არის საქმეები, რომლებიც ეჭვს ბადებს ობიექტურობაზე, ასე რომ, დიდი დღე იქნება, არ ელოდოთ მარტივ კითხვებს ევროკავშირის მხრიდან, რადგან ჩვენ რეალური პარტნიორობა გვინდა, სადაც ყველაფერზე ვმსჯელობთ და ორივე მხარე ცვლის არგუმენტებს“, – პეტრას ასტრევიჩუსმა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.