პეტრ პაველი - ჩეხეთის ინტერესშია, უკრაინამ ომის დამთავრებისთანავე დაიწყოს მოლაპარაკებები ნატო-ში გაწევრიანებისთვის
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. აღნიშნულის შესახებ პაველმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ჩეხეთის ინტერესშია, უკრაინამ ომის დამთავრებისთანავე დაიწყოს მოლაპარაკებები ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რადგან ეს ასევე ჩვენი უსაფრთხოების, რეგიონული სტაბილურობის და ეკონომიკური აღმავლობის ინტერესებშიც არის“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის კონტრშეტევის საკითხზეც და აღნიშნა, რომ წელს უკრაინას კონტრშეტევის დაწყებისთვის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა ექნება, რადგან ამისთვის მომზადებას საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. 2019 წლის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია ჩეხეთში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.