პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას
პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას

ჩეხეთის ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ამის შესახებ განცხადება პეტრ პაველმა „ბიბისისთანინტერვიუში გააკეთა.

ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ომის დასრულებისთანავე უნდა გახდეს. მისივე თქმით, იმ დროისთვის უკრაინა როგორც მორალურად, ისე პოლიტიკურად მზად იქნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად.

ჩეხეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უცხოური მედიასთან პირველ ინტერვიუში ნატო-ს ყოფილმა გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების კუთხით „შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს“.

პეტრ პაველის თქმით, უკრაინისთვის თანამედროვე „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით მისთვის ტაბუ არ არსებობს, თუმცა, არ არის დარწმუნებული, რომ ამ თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდება იმ ვადებში მოხერხდება, რომ ეს ტექნიკა სასარგებლო იყოს კიევისთვის.

„ჩვენ უკრაინის დახმარების გარდა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. თუ უკრაინას ჩვენი მხარდაჭერის გარეშე დავტოვებთ, ის, სავარაუდოდ, წააგებს ამ ომს და თუ ისინი წააგებენ, ყველანი წავაგებთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, დასავლეთმა უნდა დაუჭიროს მხარი სამშვიდობო მოლაპარაკებას, ამის მცირედი შანსიც თუ გაჩნდება, თუმცა რუსეთის მხრიდან ამის ნიშნები ამ ეტაპზე არ ჩანს.