პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი დაბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6,5 მილიარდი ევროს გამოყოფას, ვიდრე უკრაინა რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ დაუშვებს
უნგრეთი დაბლოკავს ანაზღაურების გადახდას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც კიევს იარაღი მიაწოდეს, ვიდრე უკრაინა თავის ტერიტორიაზე რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ დაუშვებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.
მიმდინარე თვის დასაწყისში უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ისინი ვეღარ იღებენ „ლუკოილისგან“ ნავთობს მილსადენ „დრუჟბის“ საშუალებით მას შემდეგ, რაც უკრაინამ „ლუკოილს“ გასულ თვეში სანქციები დაუწესა.
„ეს საკითხი ვიდრე არ მოგვარდება უკრაინის მიერ, ყველამ უნდა დაივიწყოს იარაღის გადაცემისთვის „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ 6,5 მილიარდი ევროს ანაზღაურების მიღება“, – განაცხადა სიიარტომ, რომლის ციტატასაც ტელეკომპანია ATV ავრცელებს.
კიევში აცხადებენ, რომ მათ აკრძალეს თავიანთ ტერიტორიაზე „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტი, თუმცა მილსადენ „დრუჟბიდან“ გამავალი ნავთობის საერთო მოცულობა არ შემცირებულა, ვინაიდან აღნიშნული მილსადენი სხვა მიმწოდებლებსაც ემსახურება.
მილსადენი „დრუჟბა“ რუსეთს აღმოსავლეთ ევროპაში ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებთან აკავშირებს. უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბური ომის მიუხედავად, ის ფუნქციონირებას განაგრძობს.
22 ივლისს უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკომისიას მიმართეს და ნავთობის ტრანზიტის საკითხზე უკრაინასთან კონსულტაციების პროცესში შუამავლობა სთხოვეს. ამგვარად, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ სასამართლოს, თუ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო სამი დღის ვადაში ზომებს არ მიიღებს.