პეტერ ფიშერი - წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, ამისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს
მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს.
„ცხრა ნაბიჯი ჯერ კიდევ მომავლის საკითხია, მაგრამ მომავალი წელი ხანმოკლეა. ამ წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა გაიმართება და ევროკავშირის საბჭომ, შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამისთვის რეალური პროგრესი უნდა იყოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს განრიგი მოკლეა, რადგან ზაფხულში იქნება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროკომისიაში არჩევნები, იქნება არჩევნები საქართველოშიც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიშერმა.