საქართველოს პირველი არხის ინტერვიუ საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან.
ბატონო ელჩო, საქართველოსა და გერმანიას ხანგრძლივი და მჭიდრო მეგობრობა, პარტნიორობა აკავშირებთ. წლების განმავლობაში ორმა ქვეყანამ ორმხრივი ურთიერთობა განავითარა, გააღრმავა და ერთად ბევრი რამის გაკეთება შეძლო. თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით ამ ურთიერთობებს და სად ვართ ახლა?
ჩვენი ურთიერთობა ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობაში გამოიხატება ჯერ კიდევ 1991-92 წლებიდან. გვქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყნის პირველ კონსტიტუციაზე, 1992 წელს პირველად წარვადგინეთ რწმუნებათა სიგელები და გამოვაგზავნეთ ელჩი საქართველოში. 30 წელიწადზე მეტია, საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ჩვენ ამ მეგობრობისა და პარტნიორობის გაგრძელება გვსურს. ვსაუბრობდით გერმანელი და ქართველი ხალხების მეგობრობაზე და ფაქტია – არსებობს მჭიდრო მეგობრობა, რომელიც გვინდა, გაგრძელდეს. რაზე იყო დამყარებული ეს მეგობრობა და პარტნიორობა 1991-92 წლებიდან? საქართველო იდგა დემოკრატიულ გზაზე და გახდა დემოკრატია, რომელიც აშენებდა დემოკრატიულ ინსტიტუციებს და ღია ეკონომიკას. ჩვენ ვიზიარებთ ამ ინტერესებს, გვაქვს საერთო დემოკრატიული და ღია ეკონომიკური ფასეულობები. ეს იყო ჩვენ პარტნიორობის საფუძველი და რჩება ამ პარტნიორობის საფუძვლად. შემდეგ, ქართველების მიერ გაცხადებული მისწრაფებისამებრ, დაიწყო ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ამ ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი ვართ. თქვენ განაცხადეთ, რომ გსურთ გაწევრიანება, ჩვენი პოზიციაა – კეთილი, ძალიან კარგი. ჩვენი პარტნიორობა გულისხმობს, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე, დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ჩვენთან მეტად დაახლოება შეძლოთ. ეს არის ევროკავშირის მახასიათებელი. ეს არის საერთო გზის კონკრეტული მაგალითი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიისთვის. ევროკავშირი არის ჩვენი საერთო მშვიდობის, დემოკრატიის, განვითარების საფუძველი. ყველას, ვინც ამ ერთობის წევრი ხდება, ეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით, „საქართველო, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ გზაზე“, ჩვენ დაგეხმარებით მომზადებაში, ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უნდა დააკმაყოფილო სტანდარტები, უნდა მიიღო ყველა ევროპული კანონი და ეს დიდი სამუშაოა. ეს იყო და კვლავ რჩება ჩვენი პარტნიორობის საფუძვლად, მაგრამ თუ მეკითხებით, სად ვართ ახლა, წაიკითხავდით ევროპული საბჭოს 27 ივნისის დასკვნას. დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ აირჩია მოქმედების კურსი, რომელიც გაწევრიანებასთან თავსებადი არ არის, ამიტომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებამდე მივიდა. ჩვენ ახლა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გვაქვს სერიოზული გამოწვევა ურთიერთობებში. მოქმედებების კურსი გამოიხატება კონკრეტულ ფაქტებში, კანონებში, რომელთა მიღებაც საქართველომ აირჩია. ამასთანავე, ვსაუბრობდი მეგობრობაზე, პარტნიორობაზე და ჩვენ ძალიან სწრაფად გავხდით კრიტიკის ობიექტები. მეგობრობიდან და პარტნიორობიდან ჩვენ რაღაცნაირად თითქოს გადავედით სახიფათო, ანტაგონისტურ მდგომარეობაში. ეს ის მდგომარეობა არ არის, რომელიც მოგვწონს. ეს ძალიან გვამწუხრებს, იმედს გვიცრუებს და გვსურს, დავუბრუნდეთ ძველ მოცემულობას, ძველ ურთიერთობას, დემოკრატიის ტრაექტორიას, განვითარებას, თავისუფლებას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. კარი ღიაა, საქართველო. საქართველო ამ კარში უნდა შევიდეს.
რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?
მე სულ ვიმეორებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საიდუმლო არაფერია. რა არის ევროკავშირი – ამის ამოკითხვა კონვენციებში შეიძლება. ჩვენ ვართ ლიბერალური, პლურალისტური დემოკრატიების ერთობა. ეს არის ჩვენი დემოკრატიული მოწყობის უმთავრესი პრინციპი, ლიბერალური, პლურალისტური დემოკრატიების. თუ ქვეყანას სურს წევრობა, გაწევრიანება სამართლებრივი პროცესია. ამ ერთობის წევრი თუ ხდები, ეს ნიშნავს, რომ მიიღე ევროპული კანონები და სტანდარტები, მაგალითად, წყლის ხარისხის ან ჭერზე განათების სისტემის მონტაჟის სტანდარტი. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესია, იყო ლიბერალური და პლურალისტური პრინციპების დემოკრატია. ეს არის მთავარი ქვაკუთხედი. გაწევრიანების წესები განსაზღვრულია კოპენჰაგენის კრიტერიუმებით. შემიძლია, ყველა ქართველს, ვინც დაინტერესებულია, ვურჩიო, წაიკითხოს ევროკომისიის ანგარიშები, განცხადებები საქართველოს გაწევრიანების პროგრესზე. იქ ყველა დეტალი გაწერილია. იყო 12 პრიორიტეტი, კანდიდატის სტატუსი, ახლა გვაქვს ცხრა პუნქტი, რომელიც გაწევრიანებისთვის უნდა შეასრულოს საქართველომ. დეტალები გაწერილია, მაგრამ უმთავრესია, რომ არ დაირღვეს დემოკრატიის პრინციპები და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ პრინციპებს მნიშვნელოვნად არღვევს.
ჩვენ ვიცით ამ თემაზე საქართველოს მთავრობის პოზიცია – ისინი ამბობენ, რომ ისმის ბევრი კრიტიკული შეფასება, თუმცა უსაფუძვლოდ და კონკრეტული არგუმენტების გარეშე. შეგიძლიათ დაგვისახელოთ, კონკრეტულად რომელი პუნქტი, რომელი ნაწილი ან წინადადება აქცევს ამ კანონს პრობლემურად?
თავდაპირველად ვისაუბრებ საფუძვლებზე. ლიბერალური დემოკრატია გულისხმობს, რომ ყველა ინდივიდი, ადამიანი არის თანასწორი და თავისუფალი საკუთარ გადაწყვეტილებებში, სუვერენულია გადაწყვეტილებაში, ხმა მისცეს სასურველ მთავრობას და ასე მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის კურსის განსაზღვრაში. ყველა ინდივიდს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური ნების ფორმირებაში, გაატაროს საკუთარი ინტერესები და თქვას, რა სურს. ადამიანებს შეუძლიათ, გაწევრიანდნენ პოლიტიკურ პარტიაში, თავად შექმნან პარტია ან, თუკი პარლამენტს მიღმა ყოფნას ამჯობინებენ, შექმნან ინტერესის ჯგუფები, ეგრეთ წოდებული ენჯეოები. ეს არის დემოკრატიის ძირითადი ელემენტი, რომელსაც ვიცავთ ჩვენ და ამ ელემენტის დაცვას ვითხოვთ იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც გაწევრიანება სურთ. ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, შექმნან ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ მათ ინტერესებს. ეს არა უცხოური, არამედ მათი ინტერესებია და ასეთი ინტერესი შეიძლება იყოს, მაგალითად, სამართლიანი არჩევნები, კორუფციასთან ბრძოლა, ქალთა თანასწორობა, ანტიდისკრიმინაცია, ბანაკების მოწყობა სვანეთში ან მდინარეების დასუფთავება აჭარაში. უამრავი რამ შეიძლება იყოს. საქართველოში 25 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა და ქართული კანონი ყველა მათგანზე ამბობს, რომ პრობლემურია, რომ მათი ფინანსები არ არის გამჭვირვალე და ყველა მათგანი უნდა დარეგისტრირდეს. ამასთანავე, მერვე პუნქტში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტროს წელიწადში ორჯერ აქვს უფლება, დასვას ყველანაირი შეკითხვა, საიდან მოდის ფული, ვინაა დასაქმებული და როგორ ნაწილდება ეს თანხები. ეს უხეში ჩარევაა იმ ქართველების უფლებებში, რომლებსაც კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული ძირითადი უფლებები და გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლებები გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც და ევროპის თავისუფლების კონვენციებითაც, რომლებიც საქართველოს რატიფიცირებული აქვს. ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია, რას ნიშნავს ტერმინი უხეში არაპროპორციული ჩარევა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გაცილებით უკეთესი გზები „ენჯეოების“ საკითხების რეგულირებისთვის. მაგალითად, ორგანიზაცია თუ არალეგალურ დაფინანსებას იღებს, შეგიძლია, გამოძიება დაიწყო, ის ძალადობას თუ ახალისებს, არსებობს კანონი ძალადობის წინააღმდეგ. იმას, რაც ძალიან, ძალიან მცირე პრობლემაა, უპირისპირდება უზარმაზარი ურო, ანუ უხეში არაპროპორციული ჩარევა საქართველოს მოქალაქეთა უფლებებში. საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ასეთი კანონი, ეს ჩვენი საქმე არ არის. რასაც ჩვენ ვამბობთ, და რასაც ახლა მე ვიმეორებ, ის არის, რომ ამ კანონით ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ვინაიდან ჩვენ ადამიანის უფლებებში არაპროპორციულ უხეშ ჩარევებს არ ვეთანხმებით. უფრო შორს წავალ – ლიბერალური დემოკრატიის ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ძალაუფლება ხალხშია და ჩვენ არ ვიღებთ კანონებს, რომლებიც მთავრობებს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის ინსტრუმენტებს აძლევს. ჩვენ ვამბობთ, რომ მაშინაც კი, როცა მთავრობებს საუკეთესო განზრახვები აქვთ, ჩვენს მთავრობებს და ლიდერებს ვენდობით, არ მივიღებთ მსგავს კანონებს, რადგან ის, რაც შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, პრობლემებს შეუქმნის ჩვენი დემოკრატიის საფუძვლებს. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მსგავსი კანონები აქვთ შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, კანადას – ეს არასწორია. ეს კანონები მსგავსი არ არის. ამერიკის, საფრანგეთის, კანადის კანონები მიმართულია უცხოური ინტერესის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ კანონს მიმართავ იმ „ენჯეოს“ ან ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომელიც კონტრაქტს აფორმებს უცხოურ ერთეულთან, მთავრობასთან, ორგანიზაციასთან, იმისთვის, რომ მათი ინტერესები გაატაროს. ასეთ შემთხვევაში, ისინი (კონტრაქტორები) არიან შენი ხელმძღვანელები, ისინი გაძლევენ დავალებას და ფულს ამ დავალების შესასრულებლად. ეს აქვთ შტატებს, საფრანგეთსა და კანადას. აქ კი კანონი ეხება ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, ვინც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებს, რაც არ ნიშნავს, რომ ისინი უცხოურ ინტერესს გამოხატავენ. ისინი საკუთარ, არასამთავრობო ინტერესებს გამოხატავენ, როგორებიცაა, მაგალითად, გარემოს დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებები, სამართლიანი არჩევნები თუ გამჭვირვალობა. ქართული „ენჯეოები“ საკუთარ ინტერესებს გამოხატავენ და არ მოქმედებენ უცხოური წყაროს ინტერესებით. ფუნდამენტური განსხვავებაა უცხოური ინტერესებისა და საკუთარი ინტერესების გატარებას შორის. ამავდროულად, ევროკავშირში მოქმედი კანონები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ მიიჩნევენ უცხოებად. მაგალითად, ფრანგული კანონი მხოლოდ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს ეხება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება თუ სურს, მაშინ რატომ არის მისთვის ევროკავშირი ასეთი საშიში?
მაგრამ ევროპაშიც კანონი ეხება ფულს, რომელიც მოდის ევროკავშირის გარედან, ანუ არაწევრი სახელმწიფოდან. ასეთია, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, რომელიც წევრი აღარ არის. წევრი არ არის არც შეერთებული შტატები, ანუ დეკლარირება მათაც შეეხებათ. არც საქართველოა ევროკავშირის წევრი და ვიდრე ქვეყანა წევრი გახდება, ფული, რომელიც აქედან გაიგზავნება, უნდა დეკლარირდეს, როცა ევროკავშირი მიიღებს კანონს. ის, რომ ფულის დეკლარირებას დაექვემდებარება, არაწევრ სახელმწიფოებს წევრი სახელმწიფოების მტრად აქცევთ?
ასეთი კანონი ევროკავშირში არ გვაქვს. არც უშუალოდ გერმანიაში გვაქვს მსგავსი კანონი. თქვენ თუ გსურთ, შემოწირულობა განახორციელოთ გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, მაგალითად, განახორციელოთ დონაცია ქალთა უფლებების დაცვისთვის, თქვენ შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ და ამაზე შეკითხვებს არავინ დასვამს.
ახლანდელი რეგულაციებით, საქართველოდან გაგზავნილი ფული დეტალურად დეკლარირებულია, მაგალითად, შტატებში, ქართული ფინანსების დეკლარირების მოთხოვნა საქართველოს მტრულ ქვეყნად ხომ არ აქცევს? ამ შეკითხვას, მაგალითად, მთავრობის წევრებიც ხშირად სვამენ.
ამერიკული „ფარას“ მიხედვით, შენ უნდა მოახდინო თანხის დეკლარირება, თუ პირი ან ორგანიზაცია არის დამქირავებელი, რომელიც ქირაობს, მაგალითად, ლობისტს საკუთარი ინტერესების გასატარებლად და ეუბნება მას, რისი გაკეთება სურს. მაგალითად, თანხას თუ „გრინფისში“ რიცხავ, დეკლარირება არ არის სავალდებულო ან განსხვავებულად ხდება. ანუ ეს კანონები ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. უცხოური ინტერესების გატარება ფუნდამენტურად განსხვავდება საკუთარი ინტერესების გატარებისგან.
მინდა, გკითხოთ ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. მიღებულია გადაწყვეტილება დახმარების შეჩერების შესახებ, რომლის დიდი ნაწილიც განკუთვნილი იყო შეიარაღებული ძალებისთვის. ითქვა ისიც, რომ ამ თანხის ნაწილი ახლა, მაგალითად, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს მოხმარდებათ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიძლება, ამას უარყოფითი გავლენა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობის განწყობაზე ევროკავშირის მიმართ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, ყველა გამოკითხვით, ქართული ჯარი ყველაზე მაღალი რეპუტაციით და ნდობით სარგებლობს ქვეყანაში?
ქვეყანა როდესაც ხდება ევროკავშირის წევრი, წევრი ხდება არა მხოლოდ მთავრობა ან ოპოზიცია, არა რომელიმე ერთი რეგიონი, არამედ მთელი ქვეყანა. როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ქვეყანას, ვესაუბრებით მთავრობას, რადგან ის ქვეყანას წარმოადგენს. როდესაც ვაფასებთ ქვეყანას, ვაფასებთ მთავრობას, რა ნაბიჯები იდგმება და როგორია პროგრესი. ჩვენ, როგორც ვთქვი, გვაქვს საკმაოდ რთული მდგომარეობა. ჩვენთვის კარი ღია რჩება, გვსურს, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაგრამ გვაქვს წესები და სტანდარტები. საქართველოს მთავრობამ აირჩია მოქმედების კურსი, რომელიც წინააღმდეგობაშია. ევროკავშირი თავისებურად ცდილობს, სიგნალი მისცეს საქართველოს პრობლემების არსებობაზე. როგორ უნდა ავხსნათ, რომ პრობლემა არსებობს? განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში, ბევრი ადამიანის თქმით, პრობლემა არ არის, ან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავად გასაზღვრავს, რა არის პრობლემა, თავად გადაწყვეტს, ევროპისკენ კურსი სწორია თუ არა. რეალობა ისაა, რომ ამას მხოლოდ ევროკავშირი წყვეტს კანდიდატებთან დაკავშირებით, მხოლოდ ევროკავშირი და არა სხვა.
როგორ უნდა გავაგზავნოთ სიგნალი, რომ სერიოზული პრობლემები და შეშფოთებები გვაქვს? შესაძლოა, ჩვენ ერთად ყოფნის ისტორიულ შესაძლებლობას ვკარგავთ, შესაძლოა, ვკარგავდეთ შესაძლებლობას, ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ჩვენ ევროკავშირში თანამოქალაქეები უნდა ვიყოთ. თქვენი შვილები უნდა იყვნენ ევროკავშირის მოქალაქეები და არ გვსურს ამ შესაძლებლობის დაკარგვა. ამიტომაც, ჩვენ მკაფიო სიგნალი უნდა გამოვაგზავნოთ. ევროკავშირმა გაყინა ზოგიერთი დაფინანსება. ამის მნიშვნელობა საქართველოს მთავრობას კარგად ესმის და კარგად ესმის ქართველ ხალხსაც. ეს ძალიან სერიოზულია. 30-წლიანი მხარდაჭერის შემდეგ თუ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარებას, ამით გვსურს, თქვენამდე მოვიტანოთ ის, რომ ჩვენმა მეგობრობამ და პარტნიორობამ მიაღწია ისეთ ნიშნულს, რომელზეც ჩვენ ძალიან ვღელავთ. ამიტომ ვაკეთებთ ამას.
მაგრამ რატომ შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დახმარება? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ქვეყანაზე ოკუპირებული ტერიტორიებით. როგორ ფიქრობთ, ამით რა სიგნალს მიიღებს რუსეთი?
გერმანია ნატო-ს წევრია, ახლახან აღვნიშნეთ ნატო-ს 75-ე იუბილე. ჩვენ მკაფიო სიგნალებს ვუგზავნით რუსეთს, რომ მათი აგრესია მიუღებელია და ასე გაგრძელდება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. გერმანია უკრაინის სიდიდით მეორე უმსხვილესი მხარდამჭერია. მოსკოვში ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ გერმანია, ევროკავშირი, ნატო-ს ძალები არასოდეს დაეთანხმებიან საერთაშორისო სამართლის დარღვევას, აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. არსებობს ასევე ბევრი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს ზეწოლა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მას მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი – ევროკავშირი არის მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საზოგადოების ბედნიერი, ჯანსაღი განვითარების კავშირი, მაღალი ფუნდამენტური და სოციალური სტანდარტებით. ჩემი აზრით, საქართველოსთვის იმაზე უკეთესი ვერაფერი მოხდება, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, ისევე როგორც გერმანიისთვის ევროკავშირში გაწევრიანება იყო საუკეთესო ნაბიჯი. შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანდნენ, შეხედეთ მათ განვითარებას, სოციალურ და ეკონომიკურ ინდიკატორებს, მშვიდობიანობას. ამაზე უკეთესი რა არის? ამ პოზიტიურ გზაზე გამოწვდილი მეგობრობის ხელი არის სიყვარულის საუკეთესო გამოხატულება, რომელიც საქართველოს შეიძლება ვაჩვენოთ, შემოგთავაზოთ ჩვენი კავშირის წევრობა. დიახ, თქვენ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ, მაგრამ ახლა მობრძანდით ჩვენს ორგანიზაციაშიც, ყველაფრით, რასაც ის ნიშნავს. როდესაც არის პრობლემები, ჩვენ ვცდილობთ მკაფიო სიგნალის გამოგზავნას. რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს, უფრო ღრმავდება ჩვენი პარტნიორობა. ჩვენ ვამბობთ – მეტი მეტის სანაცვლოდ. რაც მეტად უახლოვდებით ევროკავშირს, მით მეტი ევროპელი ბიზნესმენი იფიქრებს, საქართველო კარგი ადგილია ჩემი ბიზნესისთვის, მეტი ინვესტიციისთვის, ისინი ევროპის გზაზე არიანო. და თუ ამ გზასთან, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა კითხვის ნიშანს აჩენს, ჩვენ ვცდილობთ, გამოგიგზავნოთ მკაფიო სიგნალები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ზოგიერთი დაფინანსების შეჩერების შესახებ, რათა გვეთქვა, რომ ეს სერიოზულია, ძვირფასო ქართველებო! გთხოვთ, გაიგოთ, ჩვენ სერიოზული შეშფოთება გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ საქართველოს დიდი მეგობრები, მხარდამჭერები და ასეც გავაგრძელებთ, მაგრამ ვამბობთ, რომ ჩვენი პარტნიორობის საფუძველი არის თქვენი არჩეული გზა დემოკრატიისკენ, საბაზრო ეკონომიკისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენი შეკითხვა საქართველოსადმი ასეთია: თუ კვლავ ეს გსურთ, ჩვენი პარტნიორობა ასე გაგრძელდება, თუ არა, მაშინ ჩვენი პარტნიორობის ბაზისი შეიცვლება.
რას ელოდებით 26 ოქტომბრის არჩევნებზე?
წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება. არ მაქვს მოლოდინები და მკაფიოდ უნდა ვთქვა, არც რაიმე ფორმალური ინტერესი. საქართველო ქართველი ხალხისაა და ქართული ელექტორატი მიიღებს გადაწყვეტილებას. დიპლომატები ევროკავშირიდან როდესაც საქართველოზე კომენტარს ვაკეთებთ ხოლმე, ყოველთვის ვხსნით იმას, რას ნიშნავს ესა თუ ის ფაქტი გაწევრიანების გზაზე. ჩვენი მოვალეობაა, ვისაუბროთ იმაზე, რა არის ჩვენი სტანდარტი, ვთქვათ, რომ გაქვთ ამ სტანდარტებთან დაახლოების შესანიშნავი პროგრესი და საერთო გზაზე სიარულს ვაგრძელებთ, ან ვთქვათ, რომ ცოტათი დაშორდით სტანდარტებს – ასე ვაკეთებთ კომენტარებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი კი არჩევნებია. აბსოლუტური პირობა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე, თაღლითობის გარეშე. ეს არჩევნები თუ არ იქნება თავისუფალი, გამჭვირვალე და ეჭვებს დატოვებს, ეს ევროკავშირის პრინციპებთან კიდევ ერთი წინააღმდეგობა იქნება. ჩვენ ლიბერალური დემოკრატიების კლუბი ვართ. მე ხშირად ვიმეორებ ამას, ამის გამეორება ჩემი ერთგვარი ჰობია – ჩვენ არ ვეთანხმებით არალიბერალურ დემოკრატიებს, ვერ მივიღებთ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს თავისუფალი არჩევნები. რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვქონდა შესანიშნავი მეგობრობა, პარტნიორობა და ეს გვაქვს ახლაც, თუმცა მივაღწიეთ საკმაოდ კრიტიკულ ნიშნულს, ჩვენთვის მკაფიოდ გასაგები არ არის, რატომ აირჩია საქართველომ მოქმედების ეს კურსი. ჩემს ქართველ მეგობრებს როდესაც მოლოდინებზე ვესაუბრები, ყოველთვის ვამბობ, რომ აქაც იგივე მოლოდინი მაქვს საარჩევნოდ, რაც გერმანიაში ჩემს თანამოქალაქეებთან ან სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან დაკავშირებით მაქვს ხოლმე – წადით და მიეცი ხმა. იყავით დაინტერესებული, არ თქვათ, რა შემიძლია გავაკეთო, როცა ყველაფერი პოლიტიკაა და სადღაც წყდებაო. მომავალი ყველგან ინდივიდუალური მოქალაქეების ხელშია, თითოეული ქალის თუ კაცის, ახალგაზრდის თუ ხანდაზმულის ხელში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება, ჩაატარეთ ის თავისუფლად და გამჭვირვალედ, მიეცით ხმა და იფიქრეთ იმაზე, რა გსურთ მომავალში. თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი გსურთ და ეს მომავალი თუ ევროკავშირშია, თუ გსურთ, იყოთ ევროკავშირის მოქალაქეები, თქვენ, თქვენი შვილები და შვილიშვილები, კარი ისევ ღიაა.