საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განაცხადებით, გერმანიას სურს, საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში.
როგორც ელჩმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამები მიმართულია ქვეყნის ევროკავშირის გზაზე მხარდაჭერისკენ.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონცეფციას, იდეას და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. თქვენ იცით, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანამ უნდა შეასრულოს სამი მოთხოვნა. პირველი არის ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების მხარდაჭერა, მეორეა მდგრადი პლურალისტული დემოკრატია და მესამე – ისეთი ეკონომიკა, რომელიც გაუძლებს ევროკავშირის შიდა ბაზრის კონკურენციას. ჩვენ დავუჭერთ და ვუჭერთ მხარს საქართველოს ამ სამივე სფეროში. ჩვენ გვაქვს მრავალი პროგრამა, სადაც ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან პოლიტიკურ ასპექტზე, იქნება ეს ადმინისტრაციული, სასამართლო, თუ ადამიანის უფლებების ასპექტი. მსურს, ხაზი გავუსვა ეკონომიკურ ნაწილს. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის, პროფესიული უნარების განვითარების, აკადემიური მომზადების, გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის და სხვა კუთხით თანამშრომლობის დიდი პორტფელი. საერთო ჯამში, ყველა ჩვენი პროგრამა მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე მხარდაჭერისკენ“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, პეტერ ფიშერის თქმით, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს შესთავაზა, არის ძალიან იღბლიანი რამ.
„მე არ გავჩერდები ამ დიფერენცირებაზე. ვფიქრობ, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს შესთავაზა, არის ძალიან დიდი და იღბლიანი რამ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენთვის, გერმანელებისთვის არ ყოფილა იმაზე დიდი წარმატება, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის და თავისუფლების საფუძველი. ახლა საქართველოს აქვს ეს შესაძლებლობა. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძალიან ნათელია, აქ არაფერია იდუმალი. ისტორია გვაჩვენებს, ვინ გაწევრიანდება ევროკავშირში პირველი, ახლა ამას ვერ ვიტყვით. გაწევრიანებისთვის ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობის, რეგულაციების, სტანდარტების სრული ნაკრები და ეს არის დიდი ამოცანა, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, განათების ხარისხს, წყლის ნორმებს, სხვა გარემოსდაცვით კანონებს, ადმინისტრაციულ მოწყობას და ა.შ. ჩემი რჩევაა, ვფოკუსირდეთ ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებზე, კონკრეტული პროექტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებაზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის ამზადებს. ეს წევრობა საქართველოს ევროკავშირმა შესთავაზა და ევროკავშირს სურს. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენი ოჯახი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე. ასე რომ, მოდით, ვფოკუსირდეთ ჩვენს წინაშე არსებულ პრაქტიკულ სამუშაოზე. ეს არის დიდი მოცულობის სამუშაო, თუმცა მისი შესრულება შესაძლებელია და შესრულდება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
რაც შეეხება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციას, პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური პროგრამა, წლის ბოლოსთვის წარადგინოს კანონმდებლობა, რომელიც 12-ვე რეკომენდაციას უპასუხებს, რასაც ყურადღებით აკვირდებიან და მხარს უჭერენ.
„ვფიქრობ, ეს 12 რეკომენდაცია ცნობილია, ისინი ძირითადად ეხება მდგრადი პლურალისტური დემოკრატიის ასპექტს. საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური პროგრამა, წლის ბოლოსთვის წარადგინოს კანონმდებლობა, რომელიც 12-ვე რეკომენდაციას უპასუხებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და მხარს ვუჭერთ ამას. არის ორი ასპექტი – ერთი პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება. შემდეგ კი იქნება შედეგები. ჩვენ ვნახავთ, რა კანონმდებლობა დამტკიცდება, თუმცა ეს არის პროცესი, სადაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, როგორც გუნდი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუ საქართველოსაც სურს ეს, და ვფიქრობ, მას სურს, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
კითხვაზე, „საქართველოში ორ თვეზე მეტია, მუშაობთ. რა არის მთავარი მიზნები და პრიორიტეტები, რომლებიც დაისახეთ, როგორც ელჩმა?“, – ელჩი პასუხობს, რომ მისი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში მიმავალი გზის მხარდაჭერა და იმ სფეროების მოძებნა, სადაც შესაძლებელია ერთად მუშაობა აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
„თქვენ თქვით ორ თვეზე მეტი და ეს ჟღერს, როგორც ხანგრძლივი დრო, სინამდვილეში კი, ძალიან მოკლე პერიოდია. ჯერ მხოლოდ ვიწყებ და ჯერ კიდევ ვსწავლობ, თუმცა ჩემი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირისკენ, ევროკავშირში მიმავალი გზის მხარდაჭერა და იმ სფეროების მოძებნა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმისა და ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილების შემდეგ, ვფიქრობ, ჩვენ სრულ ახალ ვითარებაში ვართ – ყველაფერი ეხება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.