პეტერ ფიშერი - ჩვენ ევროკავშირი უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ და საქართველო უნდა იყოს მისი ნაწილი, ერთად უფრო ძლიერი ვიქნებით, რათა ვიმოძრაოთ მტკიცედ უკეთესი მომავლისკენ
ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია და საჭიროა მეტი პროგრესი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც პეტერ ფიშერმა აღნიშნა, 12 რეკომენდაცია არის პრიორიტეტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
„დეკემბერში ევროკავშირის საბჭო, რომელიც წარმოდგენილია 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებით, ერთხმად მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა. კანდიდატის სტატუსი არის მოგზაურობის ერთი ნაბიჯი, მას მოსდევს მოლაპარაკებები, რათა მოხდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრული შეთავსება. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია, უნდა იქნას მიღწეული მეტი პროგრესი, თუმცა ჩვენ ამ მოგზაურობაში ერთად ვართ და დეკემბერი იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩემი რეკომენდაციაა, უზრუნველყოთ, რომ დეკემბერში ჩვენ მივიღოთ „კი“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
„ევროკავშირში გასაწევრიანებლად და კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებობს პირობები. იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც ჩვენ, ყველანი ერთად ვდგავართ, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ ევროკავშირი უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ და საქართველო უნდა იყოს მისი ნაწილი. ჩვენ, ყველანი ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით, რათა ვიმოძრაოთ მტკიცედ უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, გერმანიის ელჩს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, რაც, ელჩის თქმით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.
„ეს არის ორმაგი პატივი, რადგან ეს არის ჩემი, როგორც გერმანიის ელჩის მუშაობის ფოკუსი. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ გვსურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ისტორიული გზა და გვსურს ამ ისტორიული გზის დასრულება. ევროკავშირი არის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტია ყველა წევრისთვის, ყველა ჩვენი მეგობრისთვის, ვინც ევროკავშირს მომავალში შეუერთდება“, – განაცხადა ელჩმა.