პეტერ ფიშერი - არ მინდა სპეკულირება, რა იქნება არჩევნების შემდეგ, ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და ყველა თქვენგანს შეუძლია, გადაწყვეტილების მიღება, არჩევნებზე წასვლა
არ მინდა სპეკულირება, რა იქნება არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურავიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ არჩევნებში თუ პროევროპული პარტიები გაიმარჯვებენ, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც შეჩერდა“.
„ჩვენ ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვართ, მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და ყველა თქვენგანს შეუძლია, გადაწყვეტილების მიღება, არჩევნებზე წასვლა. ვიმედოვნებ, ყველაფერი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე, კარგად ინფორმირებული და ჩამოაყალიბებთ მთავრობას მშვიდობიანად და გააგრძელებთ ამ მშვენიერი ქვეყნის კარგ განვითარებას. ევროკავშირის ლიბერალურ დემოკრატიებში, ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ ზედმეტი პოლარიზაცია, ზედმეტი გამარტივება. საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებული საკითხები არის რთული. ეს არ არის მხოლოდ ომი და მშვიდობა, მართალი და ტყუილი. დემოკრატიაში ჩვენ დეტალურად უნდა ვისაუბროთ და გვქონდეს კონკურენცია რთულ საკითხებზე, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ კონსენსუსის მიღწევას, ისეთი პოლიტიკების შექმნას, რომელიც საჭიროა ხალხისთვის.
ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ და შემიძლია, გავიმეორო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი. მაშასადამე, ეს არის ხელის შემშლელი საქართველოსთვის შეუერთდეს ევროკავშირს. ასეთი კანონით თქვენ არ შეგიძლიათ, შეუერთდეთ ევროკავშირს. ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონებს, რომელთაც ჩვენ ვქმნით ევროკავშირში. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ ყველა ჩვენ კანონს. ეს ძალიან მარტივად გასაგებია“, – განაცხადა ფიშერმა.